თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება - მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქლაქის მერიის ცნობით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც 10 ივნისიდან დაიწყება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
"შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად - მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
სატრანსპორტო საშუალებებს თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:
N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. კერძოდ, სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი იმოძრავებს სოფელ თხინვალას მიმართულებით.
ავტობუსები - N302, N304, N310, N392 უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან არსებულ წრეზე კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ მობრუნდებიან, სადაც მათი ბოლო გაჩერება იქნება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.