კარმული ვალი, წარსული ურთიერთობების გადახედვა და მოძველებული ხედვები - ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რას უნდა ველოდოთ 17 ივნისს?
17 ივნისს მოგვიწევს, წარსულში დატოვებულ საკითხებსა და ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და კარმული ვალები გადავიხადოთ. ამის შესახებ ასტროლოგები საუბრობენ...
პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას 2023 წლის 4 ნოემბრამდე გააგრძელებს და მნიშვნელოვან გამოცდილებასა და გაკვეთილს მოგვიტანს. ასტროლოგების თქმით, სირთულეები და გარკვეული პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროშია მოსალოდნელი. დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობებით, ფინანსური მდგომარეობითა და დამთავრებული მენტალური ჯანმრთელობით.
რა ხდება მაშინ, როცა პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაშია?
როდესაც აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ძალიან ბევრ სფეროში სიცხადე შეაქვს, ზუსტად აჩვენებს, რა არის ყალბი, მოძველებული, გაფუჭებული და რას უნდა დავუბრუნდეთ თავიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში მოგიწევთ, შეხვდეთ მათ, ვისთანაც საუბარი ჯერ არ დაგისრულებიათ, ურთიერთობები, დამოკიდებულებები არ გაგირკვევიათ.
ბევრი მიმართულებით ზუსტ პასუხს შეიტყობთ და გეცოდინებათ, სამომავლოდ, რას უნდა ელოდოთ აღნიშნული ურთიერთობისაგან. ეს კი თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაცილებით შეამსუბუქებს, რადგანაც გაურკვევლობას, პასუხგაუცემელ შეკითხვებს დიდი ზიანი მოაქვს.
თუკი აქამდე რაიმე გადადეთ, არ მოაგვარეთ, ძალით დაივიწყეთ, რეტროგრადული სატურნი მთელი სიცხადით უკან დაგიბრუნებთ და რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ. ახლა კარმული ვალების დაბრუნების დრო დგება. სატურნი უკან აბრუნებს ყველა სიკეთესა და კეთილშობილებას, რაც აქამდე გაგიკეთებიათ და ამავდროულად, პირისპირ გახვედრებთ იმასთანაც, რაც ცუდად გამოგივიდათ.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ პერიოდში საკუთარი ემოციები განსაკუთრებით გააკონტროლოთ და თითოეულ გადაწყვეტილებაზე კარგად დაფიქრდეთ. წარსულში დაშვებული შეცდომები მაგალითად და მოტივაციად აქციეთ. რთული და დამღლელი ეტაპის შემდეგ, რაც შესაძლოა, მიმდინარე თვეებში რადიკალური გადაწყვეტილებებით იყოს გამოწვეული, თუკი შეძლებთ, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ, შემოდგომაზე სამყარო კიდევ უფრო მეტი სიკეთითა და გამართლებით დაგაჯილდოებთ
ამავდროულად, რეტროგრადული სატურნი თქვენი პიროვნული ზრდისთვის დაგეხმარებათ და ყალბ ადამიანებს ზუსტად აღმოაჩენთ. მიხვდებით იმასაც, ვის შეგიძლიათ, ენდოთ ცხოვრებაში.