თეგებით ძიება
17. 06. 2023 ბიზნესი

როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა? - განმარტება

სახელმწიფო ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის დაწყებას პროექტის ინვესტორის გამოვლენის შემდეგ გეგმავს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი აცხადებს, გზის პროექტი უკვე არსებობს და სახელმწიფო ამ ვალდებულებას ინვესტორის გამოვლენის შემდეგ დადგენილ ვადებში შეასრულებს.

„მას შემდეგ, რაც ინვესტორთან დაკავშირებით ცნობილი იქნება, ის დრო, რაც განსაზღვრულია, ინვესტორს როდესაც დასჭირდება გზა, რასაკვირველია შესრულებული იქნება ვალდებულება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზის პროექტი უკვე არსებობს, შესაბამისად, როგორც კი იქნება ცნობილი [ინვესტორის ვინაობა], შესაბამისი რესურსები გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროექტის დაწყება. ველოდებით ინვესტორის გამოვლენას, რომ ჩვენი ვალდებულება ჩაირთოს გზის მიყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზასთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას“,-აცხადებს მზია გიორგობიანი.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით გაახანგრძლივა. თუ აქამდე დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის ვადა 19 მაისის 18 საათამდე ჰქონდათ, ახლა ეს ვადა 19 ივნისამდეა გახანგრძლივებული. ასევე, 17 ივლისის ნაცვლად 28 ივლისამდე გადავადდა წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადაც.

არიან თუ არა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულნი ინვესტორები, უცნობია. მთავრობა გეგმავს პორტის მშენებლობა წელსვე, შემოდგომაზე დაიწყოს ახალი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის 51% -იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა სრულად ინვესტორზეა და მთავრობა არ აპირებს ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკი დაუზღვიოს.

ანაკლიის პორტის პროექტის შესასრულებლად სახელმწიფო კომპანია უკვე დაფუძნდა. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, სახელმწიფო კომპანიამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლება უნდა უზრუნველყოს. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გასულ თვეში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი დაინიშნა.

ანაკლიის პორტის პროექტზე მიმდინარე ინტერესთა გამოხატვის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა