თეგებით ძიება

20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს 30 000 ლარისა და სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა დაეკისრა

20 ივნისს დაზარალებულისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 000 ლარისა და სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

"20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით. 

ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. 

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, რასაც ჯერ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ კი აქციის დარბევა მოჰყვა. ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, აქციის დარბევის შემდეგ საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა