თეგებით ძიება

კურიერი, რომელმაც Tik-Tok-ზე ვიდეოში თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა, 2 000 ლარით დააჯარიმეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოხდა ადამიანის ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდამრღვევად ცნობა.

საია-ს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მომხდარ ძირითად მოვლენების შესახებ კვარტალურ მიმოხილვაში, სხვა საქმეებთან ერთად აღწერილია შემთხვევა, როცა ადამიანს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

საია-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად TikTok-ის პლატფორმაზე 2022 წლის 10 დეკემბერს განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო.

სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: "ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ". ვიდეოში ის გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ, აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

"პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ." - წერია საია-ს ანგარიშში.

ამ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ TikTok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად.

ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის TikTok, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

"სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე." - წერია ანგარიშში. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ვიდეო შეიცავს "სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე", რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედებაა.

მათი თქმით, ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა პოლიციელმა და "აღიქვა შეურაცხყოფად", რასაც, სასამართლოს განმარტებით, მოჰყვა "შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ "საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს".

საია-ს ანგარიშის მიხედვით საქართველოში დღემდე მოქმედებს 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში სასამართლომ რამდენიმე საინტერესო საქმე განიხილა და ამ საქმეებზე მიღებული დადგენილებების შინაარსი და სასამართლოების მიერ გამოყენებული სტანდარტები პრობლემურია და, უმეტესად, ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა