სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში საცხოვრისების შემოვლა და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 25 ივნისიდან, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი) საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.
„ამ მიზნით საქსტატმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი განახორციელებს.
მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები.
პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის მომდევნო აღწერის ჩასატარებლად.
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებით, დასრულდება საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში წინასწარი სიების შედგენა, ხოლო 2023 წლის სექტემბრიდან აღნიშნული პროცესი ქ. თბილისშიც ჩატარდება. სულ მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო საქსტატის მიერ გადამზადებულმა 3500-მდე ინტერვიუერმა.
მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.