„ახლა რაც შემიძლია, მოკრძალებულად ვეხმარები მათ, იმედი მაქვს მომავალში მეტს შევძლებ“ - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მკურნალობის თავისეულ მეთოდებს უზიარებს.
„მაშ, ასე: რთული და საშუალო სირთულის დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების მკურნალობის ჩემეული გზა და ხედვა:
1) ექიმთან ვიზიტი. უმჯობესია იყოს ფსიქიატრი, თუმცა საქართველოში, საზოგადოებრივი ტაბუების გამო - ეს სახელდება ნაკლებ აშინებთ და ესირცხვილებათ - შეიძლება ნევროპათოლოგიც სცადოთ. ვიცი კიდეც რამდენიმე, წარმატებით რომ მკურნალობს პაციენტებს ამ მიმართულებითაც, თუმცა ნევროლოგია, როგორც დისციპლინათა ერთობა, განსხვავებულია და მენტალურ პრობლემებს არ იკვლევს ან თუ კი - როგორც მომიჯნავე ფაქტორს.
2) მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრია დინამიკურად ვითარდება, ზუსტი დიაგნოზის დასმა მოკლე დროში ძალიან ჭირს. მით უფრო, რომ აშლილობა, ხშირ შემთხვევაში კომორბიდულია ანუ რამდენიმე სპექტრის სიმპტომს მოიცავს და ყველა პაციენტში ყალიბდება კრეოლურ ენად (ეს ლინგვისტური ტერმინია, მე დავუკავშირე ფისიქიატრიას და ნიშნავს ფენომენს, როცა სხვადასხვა ენების შერევისგან კონკრეტულ ლოკაციაზე ახალი, ორგინალური ენა წარმოიშობა). თუმცა, როგორც წესი, მკურნალობა ინიშნება წამყვანი სიმპტომების მიხედვით და დიდწილად ეფექტურია.
3) სწორი ანტიდეპრესანტის მორგება - ეს ერთ-ერთი რთული ნაწილია მკურნალობის გზაზე, რადგან სულ მცირე, ბაზირებისა და აკუმულირებისთვის, ოთხ-ხუთ კვირას მოითხოვს. თანაც ანტიდეპრესანტები რამდენიმე ჯგუფისანი არიან და კონკრეტულ პაციენტის მიმღებლობას უნდა ,,დაემთხვეს". ამ მხრივ ფსიქიატრი ბნელ ოთახში დადის ხელის ცეცებით, თუმცა რადგან დადის, აუცილებლად იპოვის გამოსავალსბბ- ჟანრის კანონია ბოლო-ბოლო. რეზისტენტული ან ძნელად დასამორჩილებელი ფორმებისას შეიძლება იცადოს კეტამინოთერაპია ან ნეიროფიდბეკი - ორივე მეთოდს უკვე მიმართავენ საქართველოში.
4) ტრანკვილიზატორების (ბენზოდიაზეპინების) - შეძლებისდაგვარად ლიმიტრებული მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ამგვარი მედიკამენტის დოზა, რომელიც მოქმედების ხანგრძლივობის თვალსაზრისით სხვადასხვაობს - ძალიან მალე უკმარი ხდება და თითქმის ყველა პაციენტი თვითნებურად ზრდის. ეს იწვევს დერელიზაციაც, დეპერსონალიზაციას, შიშის და შფოთვის გამძაფრებას - განსაკუთრებით საშიშია ობსესიური ადამიანებისთვის - მე ვარ ამის ცუდი მაგალითი, თუ როგორ მიმიყვანა ჭარბმა მოხმარებამ კატასტროფულ ზღვრამდე.
5) ფსიქოთერაპია - ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სპეციალისტის მოძებნა, რომელიც თქვენი აშლილობისთვის შესაბამისი მეთოდით გაუძღვება პროცესს. ჭარბი ფსიქოანალიზი დღეს უკვე მოძველებულ და ნაკლებ ეფექტურ მეთოდად ითვლება და ამაზე ადრე ერთ ნეხევრადსახუმარო წერილშიც დავწერე. სიტყვას, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, განმსაზღვრელი ძალა აქვს - სტრესი დიდწილად (ცხადია, არსებობს ფიზიკურიც) სიტყვისგან არის განპირობებული და რა გასაკვირია, რომ სიტყვასვე შეუძლია ამ საშიში ლაბირინთებიდან გამოყვანა. უახლესი კვლევებით არის დადგენილი, როგორც ცვლის ნეირონების მდგომარეობას სინაფსებზე ზემოქმედებით წინადადებების სწორად ფორმულირებული წყობა.
შემდეგი ეტაპები:
1) შესაბამისი გარემოს შექმნა და გარემოცვის შეძლებისდაგვარი დარწმუნება, რომ ეს ახირება და სიზარმაცე კი არა, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი დაავადება.
2) რეფლექსია - მართალია, მწვავე ეტაპზე ,,თავს შემოუძახე" უსარგებლო და მავნებლური ფრაზაა, მაგრამ მომდევნო ნაბიჯისას,საკუთარი თავის შესწავლა და ანალიზი, ბიოლოგიური და სოციალური გენეტიკური მახასიათებლების გამოკვლევა და დაკვირვება, გამღიზიანებლთან ადაპტაცია ან კედლის აღმართვა, გონების ყოველდღიური ვარჯიში აუცილებელი ნაწილია ამ პროცესის.
3) ნებელობა - ეს დაავადებები უცებ არ ლაგდება, თუმცა დროთა განმავლობაში შენ მათ მართვას იწყებ - ამ დაჭიმულ თოკზე სიარულისას, აუცილებელია საკუთარ თავში მივიწყებული ენერგიების პოვნა და გამოჯანმრთელების სურვილი.
3) ცხოვრების ჯანსაღი წესი - მენტალური დარღვევები ფსიქოსომატურია, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სხეულბრივი ტანჯვა ახლავს, სხეულს მისი დაძლევისას არანაკლები როლი აქვს - ვარჯიში, ცურვა, სიარული (სულ მცირე - 4000 ნაბიჯი დღეში) სეროტონინის ბუნებრივი გამომუშავების შესანიშნავი გზაა. ცხადია, მწვავე ეტაპზე ეს შეუძლებელია და ნურავის დააძალებთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე აუცილებელიც კი გახლავთ. ძილის (გერმანულ ფსიქიატრიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტად ითვლება) მოწესრიგება გარდაუვალი მოცემულობაა, ისევე როგორც სხვადასხვა ვიტამინის ბალანსი ანუ შეძლებისდაგვარად შესაბამისი კვება. ფიზიკური ჯანმრთელობის გარეშე მენტალური სირთულეების დალაგება ძალიან ჭირს.
4) რეჟიმი და ჩართულობა - ადამიანი მრავალი წლის მანძილზე ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ამ გზაზე გაჩნდა მისი ბიოლოგიური ქცევის ნორმალიზებული მოდელები, მათგან გაქცევა ან სტრესის გამო მოშორება, ტვინის და სხეულის სამართლიან აჯანყებას იწვევს. ა) აუცილებელი კონკრეტული რეჟიმის განსაზღვრა და შეძლებისდაგვარი დაცვა - რაც მე ძალიან მიჭირს. ბ) ნაბიჯ-ნაბიჯ, საქმეებში ჩართულობა და მონაწილეობა, ტვინს აიძულებს ახალ ფიქრებს, მერე ნელ-ნელა იმახსოვრებს ამ ფიქრებს და ძველ მდგომარეობას უბრუნდება - ჩემთვის ეს მოცემულობა განმსაზღვრელი გამოდგა.
წერისას ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობდი იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც არავითარი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ ამ პროცესის წარმართვის. ახლა, რაც შემიძლია, მოკრძალებულად ვეხმარები მათ - იმედი მაქვს მომავალში მეტს შევძლებ.
ეს არის, რისი გაზიარებაც თქვენთვის მინდოდა და კიდევ: ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ,,სისუსტეების", ასე უფრო საინტერესოები ხართ, უფრო მრავალმხრივები - ვიცი, ამ საზარელი ტანჯვისას ეს ვერავითარი შეღავათი ვერ არის, მაგრამ ამავდროულად გულისხმობს თქვენი ფსიქიკის განუსაზღვრელ რესურსს - დაიმორჩილოს და და შეცვალოს.
მიგულეთ გვერდით, მარად თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#შფოთვა #დეპრესია #ნევროზი #ობსესიები #ფსიქიატრია #ფსიქოთერაპია“, - წერს კეკელიძე.