თეგებით ძიება

„შავ ზღვას მსგავსი მასშტაბის ტექნოგენური კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის მერე არ ჰქონია“ - არჩილ გუჩმანიძე

„შავ ზღვას და ევროპას მსგავსი მასშტაბის ტექნოგენური კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის მერე არ ჰქონია და როდესაც ვიღაც ექსპერტები რაღაცებზე ძალიან გაბედულად საუბრობენ შავი ზღვის სისუფთავეზე, მოსახლეობა და ტურისტები შეცდომაში შეჰყავთ“, - ამის შესახებ Tia.ge-სთან გარემოს დაცვის ექსპერტმა, იქთიოლოგმა, არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა. 

„შავი ზღვა ერთიანი ეკოსისტემაა და ნებისმიერ მონაკვეთზეც არ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედება, იგი ერთიან ეკოსისტემაზე აისახება. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ჩვენ შორს ვართ და უკრაინაში მომხდარი ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს, არის უმეცრება. 

როდესაც ამბობენ, რომ ზღვის წყლის მონიტორინგი ხდება, ამ მონიტორინგის ფარგლებში აანალიზებენ ისეთ დამაბინძურებელ პარამეტრებს, როგორიცაა ნიტრატები, PH, ჟანგბადი და ა.შ. ისეთი დამაბინძურებლების იდენტიფიცირება კი, როგორიცაა იზოტოპები და მძიმე მეტალები არ ხდება, ამიტომ რის საფუძველზე ამბობენ, რომ დაბინძურება არაა? ჟანგბადის და PH-ის საფუძველზე? ეს ხომ სასაცილოა? კარგია, რომ ეს პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, მაგრამ, ყველაზე საშიში დამაბინძურებლები და აქტიური ტოქსიკანტები მონიტორინგის მიღმაა. ალაპარაკებენ სრულიად არაკომპეტენტურ ხალხს და შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ვიმეორებ, მოხდა ტექნოგენური კატასტროფა და შავ ზღვაში საბჭოთა კავშირის დროინდელი აქტიური ტოქსიკანტების სამარხები ჩაირეცხა. საუბარია რადიაქტიურ შენერთებზე, აქტიურ ტოქსიკანტებზე და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ათიათასობით ცხოველის ლეშზე. ვინმე ამას იკვლევს? ნახონ რას წერენ ჩვენი რუმინელი და ბულგარელი კოლეგები და რა პარამეტრებს ამონიტორინგებენ. ჩვენც მათსავით ყველა კომპონენტი უნდა შევამოწმოთ, სიღრმეებში უნდა შევიდეთ და ეს კვლევა საზოგადოებისთვის სანდო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. კომპეტენტური და სანდო კვლევების ჩასატარებლად კი აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა. ასევე აუცილებელია ალტერნატიული კვლევების ჩატარება, რადგან საზოგადოებაში ოფიციალური კვლევების სანდოობა განულებულია“, - ამბობს გუჩმანიძე. 

მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიონ ყველა კომპონენტი, და საზოგადოებას მიაწოდონ რეალური ინფორმაცია, რადგან ტურისტული სეზონის „გადარჩენის“ გამო, ადამიანების ჯანმრთელობის უგულებელყოფა დანაშაულია.

„იმ ზღვაში ბანაობენ ტურისტებიც, ადგილობრივებიც და ჩვენი შვილებიც... ჩვენი თავი არ გვეცოდება, შვილებს არ ვუფრთხილდებით? შეიძლება ყველაფერი მართლა იდეალურადაა, მაგრამ ეს ვინმემ საფუძვლიანად გამოიკვლია? ტყუილებს რატომ ვამბობთ? არანაირი მონიტორინგი არ გვაქვს და ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით! ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თვალებში ნაცრის შეყრა. ტყუილების თქმას ჯობს სახელმწიფომ საზღვაო მონიტორინგი გააძლიეროს, სანდოობა გაზარდოს, კომპეტენტურ ექსპერტებს დაეყრდნოს... ჩვენ მოსახლეობას სიმართლე უნდა ვუთხრათ, ამას კონსტიტუცია გვავალდებულებს და კარგად გადაიკითხონ“, - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ Tia-ge-სთან.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა