თეგებით ძიება

ახალი წამალი, რომელიც ძუძუს კიბოს უჯრედების 95-100%-ს ანადგურებს

ილიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც საუბარია ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალ მიდგომაზე. ამ მიდგომით, თაგვებში ძუძუს ER (ესტროგენის რეცეპტორის) დადებითი კიბოს უჯრედების 95-100% გაანადგურეს. ახალი წამალი, ErSO, დიდი ზომის სიმსივნურ წარმონაქმნებსაც შეუმჩნეველ ზომებამდე ამცირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„[მკურნალობის შემდომ პერიოდში] იმ შემთხვევაში თუ ძუძუს კიბოს უჯრედების ნაწილი გადარჩება და შემდეგი თვეების მანძილზე სიმსივნე გაზრდას დაიწყებს, იმ სიმსივნეებზე რომლებიც განვითარდება, ErSO-თი მკურნალობა აბსოლუტურად, წარმატებულად იმოქმედებს. შესანიშნავია, რომ ErSO-მ სწრაფად გაანადგურა ძვლის, ფილტრის, ღვიძლის და ტვინის სიმსივნის მეტასტაზები, თან იმის გათვალისწინებით, რომ მკერდის კიბოს უმეტეს პაციენტებში სიკვდილის მიზეზი ორგანიზმში გავრცელებული მეტასტაზები ხდება", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ბიოქიმიის პროფესორმა დეივიდ შაპირომ.

ErSO-თი მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია ესტროგენის რეცეპტორზე, რომელიც ძუძუს სიმსივნის უმრავლეს შემთხვევებში შეინიშნება. როცა ErSO ესტროგენის რეცეპტორს უკავშირდება, ამ რეცეპტორს იმდენად ააქტიურებს, რომ მწყობრიდან გამოჰყავს ის მექანიზმი (UPR შეუფუთავი ცილების პასუხი), რაც კიბოს უჯრედების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს და მათ სტრესისგან/წინააღმდეგობისგან იცავს.

"[ErSO-თი მკურნალობის შემდეგ,] UPR შეუფუთავი ცილების პასუხი ისევ აქტიურია, თუმცა ძალიან დაბალ დონეზე. როგორც აღმოჩნდა, ეს მექანიზმი იცავდა კიბოს უჯრედებს კიბოს საწინააღმდეგო წამლების ზემოქმედების შემდგომ სიკვდილისგან," — აღნიშნა პროფესორმა შაპირომ.

შაპირომ და მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ნილ ანდრუსკამ ეს მექანიზმი პირველად 2014 წელს გამოავლინეს და დაიწყეს იმ ნაერთის განვითარება, რომელიც ამ მექანიზმის "ზესტიმულაციით" ("overdrive") , ესტროგენის რეცეპტორის მქონე ძუძუს კიბოს უჯრედებს სელექციურად მოკლავდა. არსებითად, კიბოს თავდაცვითი მექანიზმის გამორთვის მაგივრად, მკვლევრების მიზანი მისი ზესტიმულაციით დაძაბვისგან კიბოს უჯრედების "თვითმკვლელებად" გადაქცევაა.

ErSO-ს წინამორბედმა კიბოზე მოსალოდნელი გავლენა ვერ იქონია. მან კიბოს უჯრედები ვერ გაანადგურა — მხოლოდ მათი ზრდა შეანელა - და არასასურველი გვერდითი ეფექტებიც იქონია. ErSO უფრო ძლიერი და პატარა მოლეკულას იყენებს, რომელიც თაგვებზე ექსპერიმენტების მიხედვით, გვერდითი ეფექტების გარეშე კიბოზე გამანადგურებელი გავლენა აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევების 75% ER დადებითია, ErSO-ს ყველაზე გავრცელებული სახეობის განკურნების პოტენციალი აქვს. ამასთანავე, ესტროგენის რეცეპტორის რაოდენობა იმისათვის, რომ ErSO-მ იმოქმედოს, ძალიან დაბალია. ანუ შესაძლებელია, ErSO-თი ისეთი მკერდის კიბოც განიკურნოს, რომელიც ER დადებითად არ მიიჩნევა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა მეთიუ ბორდომ.

შემდგომმა კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ წამალმა არანაირი გავლენა არ იქონია თაგვების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წამალმა იმოქმედა თაგვებზე, ვირთხებსა და ძაღლებზეც.

ErSO-თი ერთი კვირის მკურნალობის შემდეგ, წამალმა თაგვებში გართულებული ძუძუს კიბო უმნიშვნელო დონემდე შეამცირა.

"უმეტეს შემთხვევაში, კიბო მხოლოდ სამ დღეში 99 პროცენტით ან მეტით დაპატარავდა. ErSO ძალიან სწრაფად მოქმედი წამალია და მისი შედეგი თაგვებში ძუძუს კიბოზე საოცარი და დრამატულია", — დასძინა შაპირომ.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანია Bayer AG-მ ახალ წამალს ლიცენზია მიანიჭა. კომპანია წამლის პოტენციალს ადამიანებზე კლინიკური ცდებით გამოავლენს. ამ დროის განმავლობაში, მკვლევრები ErSO-ს ეფექტურობას მკერდის კიბოს გარდა სხვა ER დადებით კიბოს სახეობების წინააღმდეგ გამოცდიან.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა