საქართველო ევროპაში პატიმრების სტატისტიკაში მე-2 ადგილზეა
ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა.
პენიტენციური სისტემის სტატისტიკით ირკვევა, რომ ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, ევროპული საშუალო მაჩვენებელი კი 117 პატიმარია. პატიმრების რაოდენობით საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული.
საქართველოს მაჩვენებელი მაღალია პატიმრობის ხანგრძლივობის კუთხითაც. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე.
ევროპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა საშუალო ასაკი 2022 წლის 31 იანვრისთვის არის 38 წელი, მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნებში პატიმრების საშუალო ასაკი 31-დან 44 წლამდე მერყეობს. ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი ფიქსირდება ბულგარეთში (31 წელი), დანიაში (34) და საფრანგეთში (34.5), ხოლო ყველაზე მაღალი - საქართველოში (44), იტალიაში (42), პორტუგალიაში (41), ესტონეთში (40) და ესპანეთი (40).
ასევე, კვლევის მიხედვით, თურქეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტია - 4,2 პატიმარი ერთ თანამშრომელზე. ეს ნიშნავს, რომ პერსონალის თითოეული წევრი პასუხისმგებელია 4-ზე მეტ პატიმარზე. თურქეთს მოსდევს საქართველო 2.9-ით და საბერძნეთი 2.6-ით.
კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება.