ჩვენი უმაღლესი განათლება დიპლომების სავაჭრო დახლია და მისი გაცემული ყველა დიპლომი ყალბია - ზურაბ ვახანია
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სტატისტიკის თანახმად, წლევანდელ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. ეროვნული გამოცდებისა და ზოგადად, განათლების სისტემის პრობლემებსა და გამოწვევებზე TIA.GE-ს ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების ესპერტი ზურაბ ვახანია ესაუბრა:
- დავიწყოთ იმით, რომ ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ანუ მინიმალური გამსვლელი ქულა აღარ არსებობს, რის გამოც ეს გამოცდები ნახევრად ყალბია. მისი ჩატარების ერთადერთი მიზანია, რომ ფულის პოტენციური გადამხდელი უმაღლესის გარეთ არ დარჩეს და ოჯახებს რაც შეიძლება მეტი ფული გადაახდევინონ.
- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ სახელმწიფო უმაღლესი განათლების დიპლომებს ყიდის..
- მარტო სახელმწიფო რატომ, უმაღლესი დაწესებულებების უმეტესობა ხომ კერძოა? ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება დიპლომების სავაჭრო დახლია და მისი გაცემული დიპლომები ყალბია. ოჯახი უკანასკნელ კაპიკებს იმაში იხდის, რომ მისი შვილი უცოდინარი დარჩეს და აიღოს ფარატინა დიპლომი, რომელიც არაფერში გამოადგება. ის ახალგაზრდა უკვე გზას აცდენილია - არც საქმე იცის, არც ხელობა და არაფერი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოში უმუშევრობა კი არა, ყველა სფეროში სპეციალისტების მწვავე ნაკლებობაა, ოღონდ ნამდვილი სპეციალისტების. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში ამ დარგის სპეციალისტი თითქმის არ გვყავს. ადამიანი გერმანიის მაგისტრატურაში თუ არ წავა, აქ ვეღარ სწავლობს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი მეღვინეობა გერმანიის და საფრანგეთის გადასარჩენია, რომ ერთი-ორი სპეციალისტი მაინც გვყავდეს.
- ვისაც საშუალება აქვს, უმაღლესი განათლების მისაღებად ისედაც ევროპა-ამერიკაში მიდის.
- აბა რა ქნან? აქ ყველაფერი ფულის კეთებაზეა გადასული. განათლების სისტემაში ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, მაგრამ სასკოლო გამოცდების გააუქმების შემდეგ გაცილებით უარესი მდგომარეობა შეიქმნა. ბავშვები გაკვეთილებზე საერთოდ არ დადიან და ვინც დადის, მხოლოდ იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი აბუჩად აიგდოს. ამასობაში, ავტორიზაციაზე თუ აკრედიტაციაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება, ვითომ სკოლა რომ დოკუმენტაციას კარგად მოამზადებს, ეს სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. თავად ვმონაწილეობდი კვლევებში, რომლებიც რუთაველის საზოგადოებამ აკაკი ბაქრაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და მე ამ პროექტს სრულიად უანგაროდ ვხელმძღვანელობდი. ტესტების შედეგებიდან გამოჩნდა, რომ განათლების ხარისხის მხრივ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ საბჭოთა კავშირის დროს კარგი განათლების სისტემა იყო. ცუდი, მაგრამ რაღაც სისტემა იყო, ახლა ისიც არაა.
- როდიდან დაიწყო განათლების ხარისხის გაუარესება?
- 1970-იანი წლებიდან სასკოლო განათლებაში რაღაც სულელური სიახლეები შეიტანეს, რასაც განათლების ხარისხის კლება მოჰყვა. ეს პროცესი უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც გაგრძელდა და დღესაც გრძელდება. შესაბამისად, სწავლის შედეგებით ყოველი მომდევნო წელიწადი წინაზე უარესია.
- „ქართული ოცნება“ ნაციონალური მოძრაობის განათლების პოლიტიკას განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია..
- ერთადერთი არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილება სასკოლო გამოცდების გაუქმებაა, რამაც ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა. დამუკიდებელი საქართველოს მერე შედარებით კარგი რეფორმები ლომაიას დროს გატარდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლომაია სანატრელი მინისტრი გაგვიხდებოდა.
- გამოცდების მოწინააღმდეგეებსაც თავიანთი არგუმენტები აქვთ და ძირითადად, უცხოეთის მაგალითებს იშველიებენ.
- გამოცდების მოწინააღმდეგეთა სულელური არგუმენტების წინააღმდეგ თუნდაც ფინეთის მაგალითი მეტყველებს, სადაც თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული, ჰუმანისტური და მსოფლიოში საუკეთესო განათლებაა. აი, ამ ფინეთში გარკვეული საფეხურის შემდეგ ყველა მოსწავლე და კლასი სახელმწიფო ტესტირებას გადის. სკოლამ იცის, რომ ყოველწლიურად მოუწევს ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გავლა. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში ვერ ნახავთ წესიერი განათლების სისტემას, რომელშიც დამამთავრებელ კლასებში პროფილიზაცია არ არის და ყველა მეათეკლასელი ერთ კლასში, ერთი წიგნით და პროგრამით სწავლობს. შეუძლებელი ეს კარგი იყოს, რადგან ყველამ უარყო. აი, რატომ არ დადიან ჩვენთან დამამთავრებელ კლასებში ბავშვები. რისთვის იარონ? რისთვის კარგონ დრო ფუჭად? ევროპა ევროპას რომ გაიძახიან ყოველ დღე და რატომ არ ბაძავენ განათლების სიტემაში ევროპას?
- გვეშველება რამე?
- ამისთვის პროფესიონალიზმის ფაქტორი, რაც ჩვენთან აღარ არსებობს, განმსაზღვრელი უნდა გახდეს. საქართველო რომ უკრაინას შევადაროთ, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, მექრთამეობა დღეს, ომის დროსაც კი ჩვენზე გაცილებით მეტია, მაგრამ კორუფცია ჩვენთან მეტია. კორუფცია მარტო მექრთამეობა კი არა, თანამდებობის ყველანაირი პირადი სარგებლობისთვის გამოყენებაა ნეპოტიზმი იქნება, კლანური ინტერესების გატარება თუ ა.შ. ჩვენგან განსხვავებით, უკრაინაში გამორიცხულია, რომ უცოდინარი, ნულოვანი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნოს. დიახ, უკრაინაში ქრთამი ყველა სფეროში ტრიალებს, მაგრამ პროფესიონალიზმის ფაქტორი დარჩა. ეს პროფესიონალიზმის ფაქტორი თუ არ დავიბრუნეთ, არაფერი გვეშველება.