თეგებით ძიება

„14 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი იძულებით დევნილი გახდა“ - ინტერვიუ ქართველ მხატვართან, რომელიც გერმანიასა და შვეიცარიაში მოღვაწეობს

ქართველი მხატვარი, ანდრო ვეკუა, რომელიც ბერლინსა და ციურიხში მოღვაწეობს, 1977 წელს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 14 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახიც, სხვა უამრავი ოჯახის მსგავსად, დევნილი გახდა. სკოლაში სწავლის პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც დადიოდა. მოგვიანებით, საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით განათლებაც იქ მიიღო. შემოქმედებითი საქმიანობას  ბერლინსა და ციურიხში აგრძელებს. იგი დაჯილდოვებულია ფონდ Kiefer Hablitzel-ის პრემიით. ასევე ნომინირებული იყო ბერლინის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეის პრემიაზე. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები და საბერძნეთი. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორიცაა : ნიუ იორკის და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, პომპიდუს ცენტრი(პარიზი) და შვეიცარიის ხელოვნების მუზეუმი.

გთავაზობთ, მოკლე ინტერვიუს ანდრო ვეკუასთან, რომელიც გამოცემა „the-talks.com“- მა გამოაქვეყნა:

- ყოველდღე ხატავთ?

- ყოველდღე არ ვხატავ, თუმცა მუდმივად ვფიქრობ ჩემს ნამუშევრებზე, მოვდივარ სტუდიაში, ხანდახან ჩემი ესკიზების ალბომი თან დამაქვს ხოლმე... თუ სტუდიაში ვერ ვახერხებ მოსვლას, ვხატავ მოგზაურობის დროს ან სახლში ყოფნისას... სტუდიაში მუშაობა სხვა შთაგონებაა - ეს არის ის, რაც ძალიან მსიამოვნებს და, რასაც ვერ განვიცდი სხვაგან. სტუდიაში მუშაობა ნამდვილად მაძლევს იმ მუხტს, რასაც სხვაგან ვერსად ვპოულობ. ის მაკავშირებს უფრო ახლოს საკუთარ თავთან. 

- ყველა თქვენი ნახატი ამ მუხტით იქმნება?

- ყოველთვის ასე არ ხდება! ყველა ნახატი ერთნაირი მუხტით არ იქმნება. ხანდახან სტუდიაში თავს ვიტანჯავ, სანამ რამე არ გამოვა! ნახატზე დიდხანს შემიძლია მუშაობა. თუ რამე არ მომეწონება, შემიძლია განზე გადავდო და სხვა დროს მივუბრუნდე, დეტალები შევცვალო, ისევ ვცადო. ზოგიერთ ნახატზე სამი ან მეტი წელია ვმუშაობ. ჩემი ახალი შოუს - Sprüth Magers London-ის ნაწილზე ერთ წელზე მეტია, ვმუშაობ. 

- გამოდის, რომ თქვენი პროექტებისთვის ან გამოფენებისთვის ვადები არ არსებობს?

- ვადა განსაზღვრული მაქვს, ანუ ე.წ. ჩარჩოს ფარგლებში ვმუშაობ... რთული პროცესია. ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვმუშაობ, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია წელიწადში ერთზე მეტი შოუს მომზადება.

- როგორც ჩანს, თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს შოუთა რაოდენობას...

- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! (იცინის) მე პირადად, მინდა ვიჯდე ჩემს სტუდიაში, ვიცოდე, რას ვაკეთებ და თუნდაც, ერთი შესანიშნავი შოუ შევქმნა. 

- ბავშვობიდან ხატავდი? 

- ხელოვნებით პირველად მამაჩემის მეგობარმა დამაინტერესა. მას პატარა  სახელოსნო ჰქონდა, სადაც ყოველთვის მიხაროდა მისვლა. მამას მეგობარი მიხსნიდა, როგორ უნდა დამეხატა.... როცა ის ხატავდა, ვიჯექი, ვუყურებდი და მეც ვხატავდი. ამ ადამიანმა სულ სხვა სამყარო მაჩვენა. მართალი გითხრათ, სკოლაში სიარული ისე არ მიყვარდა, როგორც ხელოვნება...

- საქართველოში სამხატვრო სკოლაშიც დადიოდით...

- დიახ, ჩვეულებრივი ქართული სკოლის პარალელურად, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. საბჭოთა პერიოდში, საქართველოში არ იყო ისეთი სახელოვნებო სივრცე, როგორც ახლაა. პირველად 13 წლისამ ზეთის საღებავებით დავხატე [ზეთით ფერწერა]. მახსოვს, სახლში რომ მოვიტანე, კედელზე ჩამოვკიდეთ და ვთქვი: „აი, ნახატი!“ ვამაყობდი! მიხაროდა, რომ მშობლებს სახლში ჩემი „ხელოვნების ნიმუში“ მივუტანე და ის მნახველებსაც მოსწონდათ...  14 წლის ვიყავი, როდესაც ომის გამო ჩემს ოჯახს იძულებით გადაადგილება მოუწია. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო... შემდეგ შვეიცარიაში გადავედი საცხოვრებლად და იქ გავაგრძელე ხელოვნების შესწავლა. 

- ... და ახლა თქვენს ნახატებს ვხედავთ გამოფენებზე ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში...

- (იცინის) დიახ, გარკვეულწილად, მხატვარი გავხდი! 

- წარმატება ხომ არ გაბნევთ? ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ აღარ იცი გზა საით გააგრძელო... 

- ვისწავლე, რომ, თუ დავიბნევი ან ავღელდები, ასეთ შემთხვევაში, არაფერი გამოვა...

წყარო: https://the-talks.com/interview/andro-wekua/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა