თეგებით ძიება

„აღარ მინდა, ჩემთან საჭმელად და სიმღერების მოსასმენად ჩამოდიოდნენ, ზემოდან მიყურებდნენ და მე ხმის ამოღების უფლებაც არ მქონდეს“ - მებო ნუცუბიძე

მუსიკოსი, ტელეწამყვანი, მებო ნუციბიძე ანტიევროპულად განწყობილი ადამიანებს აკრიტიკებს.

როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მან ორი კვირის წინ ისაუბრა საქართველოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრების სურვილზე, რამაც მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია. 

მებო ნუცუბიძე საქართველოს ევროპული მომავლის მოწინააღმდეგეთა „არგუმენტებს“ ალოგიკურს უწოდებს და ვრცელ პოსტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იმ ვიდეოს კომენტარებში, სადაც ვსაუბრობ ჩემს სურვილზე, იყოს საქართველო ევროპული ოჯახისა და ევროკავშირის წევრი და სადაც ვითხოვ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ შესრულდეს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი რეფორმები და ვალდებულებები, გინებასთან ერთად, ვისმენ და ვკითხულობ იმ „არგუმენტებს“, რასაც ძირითადად ეფუძნება ანტიევროპულად განწყობილი ადამიანების მოსაზრებები:

– „მე ვარ ქართველი და არა ევროპელი!“

–„საქართველო უკვე იყო საბჭოთა კავშირის წევრი და რა საჭიროა, კიდევ გავხდეთ რომელიმე კავშირის წევრი?!“

– „საქართველო კავკასიაა და არა ევროპა!“

– „ევროკავშირი რომ კარგი ყოფილიყო, ბრიტანეთი გავიდოდა?!“

– „რუმინეთი გახდა უკეთესი ქვეყანა?!“

ეს არის ის ძირითადი, ვითომდა – ფაქტები, რომელსაც ემყარება საქართველოს ევროპული მომავლის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები.

მე მათ ანტიევროპული ტყუილები შევარქვი.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ანტიევროპული „არგუმენტი“ ლოგიკურად გაუმართავია და ავხსნი კიდეც, რატომ.

1. „მე ვარ ქართველი და არა ევროპელი!“

ქართველობის და ევროპელობის ერთმანეთთან დაპირისპირება, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი და არასწორი საქციელია. წარმოიდგინეთ, ფრანგი რომ ამბობდეს: „მე ფრანგი ვარ და არა ევროპელი!“, ან, ჩვენთვის უფრო ახლო მაგალითი – გურული რომ ამბობდეს – „მე გურული ვარ და არა ქართველი!“

ევროპა კონტინენტია, ევროპა – კულტურული ერთიანობაა, საერთო ქრისტიანულ ღირებულებებსა და საერთო კულტურულ მახასიათებლებს რომ ეფუძნება. შესაბამისად, იყო ევროპელი, ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფო – საფრანგეთი იქნება, გერმანია თუ საქართველო, მიეკუთვნება ევროპას. არცერთი განმარტებით, არცერთი ფორმულირებით, არცერთი ლოგიკით, იყო ევროპელი არ ნიშნავს აღარ იყო ფრანგი, აღარ იყო გერმანელი ან აღარ იყო ქართველი. ისევე როგორც, იყო ქართველი, არ ნიშნავს, რომ აღარ იყო მეგრელი ან კახელი.

სწორია: „მე ვარ მეგრელი და ვარ ქართველი“

არასწორია: „მე ვარ მეგრელი და არა ქართველი!“

სწორია: „მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი“

არასწორია: „მე ვარ ქართველი და არა ევროპელი!“

2. „საქართველო უკვე იყო საბჭოთა კავშირის წევრი და რა საჭიროა, კიდევ გავხდეთ რომელიმე კავშირის წევრი?!“

ეს მეორე, უფრო დიდი და უფრო ბოროტი ტყუილი: ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან გატოლება.

რას ცდილობთ? სიტყვა „კავშირი“ რადგან ურევია ორივე დასახელებაში, გინდათ ხალხი მოატყუოთ და ამ ორ კავშირს შორის ტოლობა დასვათ? ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ?

საბჭოთა კავშირი სახელმწიფო იყო, რომელიც თავისუფლება და დამოუკიდებლობა წართმეულ სახელმწიფოებს აერთიანებდა, ევროკავშირი კი – დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა გაერთიანებაა.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ: ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი და ვერ მონაწილეობდა ცალკე საქართველო, უკრაინა ან ყაზახეთი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები ფიზიკურად აღარ არსებობდნენ.

საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო აღარ არსებობდა, როგორც ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გინახავთ ქვეყანა სახელად „ევროკავშირი“? გიყურებიათ მატჩისთვის – ბრაზილია ევროკავშირის წინააღმდეგ? არა. და იცით რატომ? იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის სახელმწიფო, რომელიც აერთიანებს ან მომავალში გააერთიანებს სახელმწიფოებს რომლებიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. საფრანგეთი ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, გერმანია ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საქართველოც ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება, როცა ევროკავშირის წევრი გავხდებით.

იცით, საქართველოს რატომ არ ჰყავს საფეხბურთო კლუბი, რომელსაც ევროპული თასი აქვს მოგებული? იმიტომ რომ თბილისის დინამო, 1981 წელს, არ იყო ქართული კლუბი. ის წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს და არა – საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს, რომელსაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდა წართმეული.

ამავე მიზეზით, ლევან თედიაშვილი არ არის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, არამედ – საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი. ასეც მოიხსენიება ისტორიაში.

საბჭოთა კავშირმა გააქრო საქართველო, გააქრო პოლიტიკური და კულტურული რუკიდან და გააერთიანა სხვა სახელმწიფოს ქვეშ.

ასე რომ, ფაქტობრივი შეცდომაა სსრკ-სა და ევროკავშირს შორის ტოლობის დასმა.

თუ გულწრფელად, არ ცოდნის გამო აკეთებთ ამას, მაშინ იმედია ახლა მაინც აღარ დაუშვებთ ამ შეცდომას და მიხვდებით, რომ არასწორია ამის თქმა. ხოლო, თუ ეს ფაქტი ისედაც ძალიან კარგად იცით და მაინც ავრცელებთ ამ ტყუილს, მაშინ ცუდი ადამიანები გამოდიხართ, სხვების მოტყუება და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ხელის შეშლა რომ გინდათ.

3. „საქართველო კავკასიაა და არა ევროპა!“

ამ არგუმენტით, ძირითადად, გეოგრაფიის ცოდნისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები. ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელსაც კი აგინებენ. არადა, ისეთი კარგი მასწავლებლები მყავდა სკოლაში, არცერთი მათგანი არ იმასუხებს ერთ ცუდ სიტყვასაც კი, მერწმუნეთ. ბოდიში რუსიკო მას. ბოდიში ია მას. თქვენი ბრალი მართლა არაფერია. მე ვერ ვივარგე.

საქართველო რომ კავკასიაა, ამით რა?

ვინმე გაძალებს ან გეუბნება არ ხარ კავკასიაო? პირველი რასაც აქ ჩამოსულ უცხოელ მეგობრებს ვეუბნები, არის ის, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარეობს.

და ამით რა?

მე არ მსმენია და თქვენ გსმენიათ ასე ცალკე, კავკასიური გაერთიანების შესახებ? მაგალითად: კავკასკავშირი – აერთიანებს კავკასიური ღირებულებების სახელმწიფოებს, ან რამე მსგავსი?

გულზე მჯიად ხელის დარტყმა კავკასიელები ვართო, რას ემსახურება? კადიროველებივით გვინდა ძაღლების ჩხუბები გავმართოთ, ქალები ვჩაგროთ და გელენვაგენებით ვიკატაოთ? თუ ეს არის კავკასიელობა, დიდი მადლობა, არც ჩემი შვილისთვის მინდა ასეთი მომავალი და არც ჩემი ქვეყნისთვის. ამისთვის არ უბრძოლიათ და არ გაუწირავთ თავი ჩვენს წინაპრებს.

და თუ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზეა საუბარი, დამიჯერეთ, არავინ აპირებს და ვერც შეძლებს, გეოგრაფიული მდებარეობა შეუცვალოს ჩვენს ქვეყანას: დიახ, საქართველო მდებარეობს კავკასიაში. და სწორედ ამ მდებარეობით, არის ევროპული სახელმწიფო და გახდება ევროკავშირის წევრი.

4. „ევროკავშირი რომ კარგი ყოფილიყო, ბრიტანეთი გავიდოდა?!“

ესეც უმშვენიერესი „არგუმენტია“. ზუსტად ჩანს ჩვენი საფუძველს მოკლებული ამბიციები, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს რომ ვუტოლებთ თავს. დაახლოებით იმ არგუმენტს გავს, შვეიცარია თუ არის ნეიტრალური, ჩვენც ვიყოთ ნეიტრალურები, რა გახდაო.

კითხვაზე, ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველო თუ საქართველოს ევროკავშირი, პასუხი მარტივია: ჩვენ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს უფრო სჭირდება ევროკავშირი, სხვადასხვა გარანტიებისა და შესაძლებლობებისთის.

ხოდა, მოდი რა, ნუ ვედრებით დიდ ბრიტანეთს, რომელსაც, ვერც თავს დაესხმება ვერავინ და ვერც მის ეკონომიკას მოაკლდება ვერაფერი თუ ცალკე მდგომ სახელმწიფოდ იარსებებს, თავისთვის, კუნძულზე.

მინიმუმ, დედოფალი მაინც უნდა გვყავდეს, ეს არგუმენტი ყურადსაღები რომ გახდეს.

5. „რუმინეთი გახდა უკეთესი ქვეყანა?!“

და ვინმემ სადმე თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გერმანიის დონის ეკონომიკა გვექნება?

ესეც მორიგი ტყუილია, რომლითაც ადამიანის ემოციებზე თამაშობენ. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შესაძლებლობებს, გახდე უკეთესი, განვითარდე ეკონომიკურად და გაძლიერდე პოლიტიკურად. იყო დიდი ოჯახის წევრი და თან ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობა.

რუმინეთი თუ ვერ ან არ იყენებს ამ შანსს, ჩვენ რა, არ შეიძლება რუმინეთზე მაგრები ვიყოთ? ბრიტანეთს ვუტოლებთ თავს და რუმინეთს რომ ზემოდან დავხედოთ, ეგ არ გამოგვდის?

და საერთოდ, ეს სხვებთან დატოლება რა სპორტია? უბრალოდ უკეთესი ცხოვრება რომ გვინდოდეს? უკეთესი მომავალი? კარგი სამუშაო პირობები? დაზღვევა? უსაფრთხოება?

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოეშვით უსაფუძვლო არგუმენტების აქეთ-იქით ფრიალს. ევროპელობა არაფერს გვართმევს და ვერც წაგვართმევს. ევროკავშირის წევრობა – მით უმეტეს. პირიქით, მხოლოდ მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც ისევ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. იმიტომ რომ, ლანგარზე არავინ არაფერს მოგვართმევს. ყოველ შემთხვევაში, ევროპულ კულტურასა და ევროპული ფასეულობების მატარებელ საზოგადოებაში.

და თუ ვინმე ამას გვპირდება, მაგალითად, ჩრდილოეთიდან დაბერილი ქარი, სწორედ მაგას უნდა ვერიდოთ.

კარგად ვიცით, რაც და როგორც მოგვართვეს ლანგრით დაახლოებით ორი საუკუნის და ცოტა მეტის წინ. დღემდე მივირთმევთ იმ მორთმეულს და ვეღარ დავასრულეთ.

მე, პირადად, მომბეზრდა.

აღარ მინდა გადმოგდებული სალაფავის ჭამა.

აღარ მინდა ვიღაცისთვის საზაფხულო „დაჩა“ ვიყო.

აღარ მინდა, ჩემთან საჭმელად და სიმღერების მოსასმენად ჩამოდიოდნენ, ზემოდან მიყურებდნენ და მე კიდევ, ხმის ამოღებისა და ჩემი სურვილების გამოთქმის უფლებაც არ მქონდეს.

გინახავთ რომელიმე რუსი, ქართული სიმღერა ესწავლოს? ქართული ენა ესწავლოს? საქართველოს ისტორია ესწავლოს? აფხაზეთი საქართველოდ ეღიარებინოს?

გაჩვენოთ ფრანგები, ქართულად რომ მღერიან? გერმანელები, ქართულად რომ საუბრობენ? ევროპელები, ქართული კულტურა და ენა რომ უყვართ და საქართველოს ისტორიას სწავლობენ? ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც რომ აღიარებენ და პატივსაც გვცემენ?

„საკუთარ სახლში, თუ მინდა, ტრუსიკითაც გავივლიო“, ამბობდა ხოლმე ჩემი მეზობელი. კარგი კაცი.

ხოდა, დროა, თავისუფალი სამყაროს ნაწილი გავხდეთ, სადაც არავინ გადაგვიწყვეტს, ვის და როგორ ვემეგობროთ და რა და როგორ ვაკეთოთ.

მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი,“ – წერს მებო ნუციბიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა