არქეოლოგებმა გამყინვარების ეპოქის ქვის გიგანტური არტეფაქტები აღმოაჩინეს
ბრიტანეთში, ლონდონის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგებმა ადრეული პრეისტორიული ხანის ქვის ყველაზე დიდი ზომის იარაღი აღმოაჩინეს. კენტში ჩატარებულმა გათხრებმა პრეისტორიული არტეფაქტები გამყინვარების ეპოქის ქანებში, მედვეის ველზე, გამოავლინა. მკვლევარებმა, სავარაუდოდ, 300 000 წელზე მეტი ხნის წინანდელი 800 ქვის არტეფაქტი აღმოაჩინეს.
აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იყო ორი დიდი ზომის კაჟის დანა, რომელიც შეფასებულია, როგორც "გიგანტური მოკლეტარიანი ნაჯახი". მკვლევარები თვლიან, რომ ამ ტიპის სამუშაო იარაღი, ჩვეულებრივ, ხელით გამოიყენებოდა ცხოველების დასაკლავად და ხორცის დასაჭრელად.
"ჩვენ აღვწერთ ამ ინსტრუმენტებს, როგორც "გიგანტებს", რადგან მათი სიგრძე 22 სმ-ზე მეტია და ამ ზომის მხოლოდ ორი არტეფაქტია. ეს ნაჯახები იმდენად დიდია, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა მათი ადვილად დაჭერა და გამოყენება. შესაძლოა, ისინი ასრულებდნენ ნაკლებად პრაქტიკულ ან უფრო სიმბოლურ ფუნქციას, ვიდრე სხვა იარაღები. მათი გამოყენება აშკარად განსაკუთრებულ ძალასა და უნარებს მოითხოვდა. საოცარია, რატომ კეთდებოდა ასეთი დიდი იარაღები, ან უძველესი ადამიანის რომელი სახეობა ამზადებდა მათ,“ - თქვა არქეოლოგმა ლეტი ინგრეიმ.
ითვლება, რომ ბრიტანეთში ეს ადგილი ადრეული პრეისტორიული პერიოდით თარიღდება, როდესაც ნეანდერტალელი ადამიანები და მათი კულტურები იწყებდნენ გაჩენას და შესაძლოა ამ ლანდშაფტზე უძველესი ადამიანის სხვა სახეობებიც ცხოვრობდნენ. მედვეის ველი ამ დროს ტყიანი ბორცვებისა და მდინარის ხეობების ველური პეიზაჟი იქნებოდა, სადაც ბინადრობდნენ წითელი ირმები და ცხენები, ისევე როგორც ნაკლებად ნაცნობი ძუძუმწოვრები, როგორიცაა გადაშენებული სწორეშვიანი სპილო და ლომი.
"საზღვაო აკადემიის მიერ ჩატარებულმა გათხრებმა მოგვცა წარმოუდგენლად ღირებული შესაძლებლობა შეგვესწავლა, თუ როგორ განვითარდა გამყინვარების ეპოქის მთელი პეიზაჟი მეოთხედი მილიონი წლის წინ. სამეცნიერო ანალიზის პროგრამა, ლონდონის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს სხვა ინსტიტუტების სპეციალისტების ჩართვა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ იყო ეს ადგილი მნიშვნელოვანი უძველესი ადამიანებისთვის და როგორ დაეხმარათ მათ ქვის არტეფაქტები, მათ შორის „გიგანტური ნაჯახები“, გამყინვარების ეპოქის გარემოს გამოწვევებთან ადაპტირებაში,“ - თქვა არქეოლოგმა მეთ პოპმა.
ამჟამად, კვლევითი ჯგუფი აღმოჩენილ არტეფაქტებს სწავლობს და მათ იდენტიფიცირებას ახდენს, რათა უფრო ზუსტად დაადგინოს, ვინ შექმნა ისინი და რისთვის იყენებდნენ.
არქეოლოგთა ჯგუფი ასევე მუშაობს რომაულ სასაფლაოზე, რომელიც, სულ მცირე, მეოთხედი მილიონი წლით გვიანდელია, ვიდრე გამყინვარების ეპოქა. ჯგუფმა 25 ადამიანის ნეშტი იპოვა, რომელთაგან 13 კრემირებული იყო. დაკრძალულ ცხრა ადამიანთან ერთად აღმოაჩინეს პირადი ნივთები, მათ შორის სამაჯურები, ხოლო ოთხი მათგანი დაკრძალული იყო ხის კუბოებში. იქვე აღმოჩენილი ჭურჭლისა და ცხოველების ძვლების კოლექციები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია დაკრძალვის დროს ჩასატარებელ სადღესასწაულო რიტუალებთან. ამ ადგილის აღმოჩენა პოტენციურად ახალ ხედვას გვთავაზობს რომაელების დაკრძალვის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, რომლებიც ვილაში, ასევე ახლომდებარე ქალაქ როჩესტერში ცხოვრობდნენ.
წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2023/07/230706002155.htm