გერმანიამ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის €5 მლნ გამოყო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის 5 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ხუთი მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოუყო ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისათვის.
პროექტის დაწყება 2023 წლის 18 ივლისს გამოცხადდა პრესკონფერენციის ფარგლებში, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) და საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარი უკრაინელი ლტოლვილები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.