,, რატომ გარბიან ადამიანები ქვეყნიდან თუ ყველაფერი კარგად არის? გაგიჟდა ხალხი?” – ნათია მეზვრიშვილი
პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,საქართველოს მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის და ქართველების რუსებით ჩანაცვლების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.
▪️ბოლო ორი წლის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი (წარმოიდგინეთ ზუგდიდის და გორის მოსახლეობა ერთად);
▪️ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს ყოველი მეექვსე ადამიანი;
▪️ევროპაში ქართველი ემიგრანტების თითქმის 70% ქალია;
▪️ემიგრანტების რიცხვის მატების ფონზე, შობადობა იკლებს – 2022 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
▪️2022 წელს რუსეთის 56 359 მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად (უფრო მეტი ვიდრე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა);
▪️ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა საქართველოში 20 000-ზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს და ასობით ბინა იყიდეს – 2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსების მიერ სახლის/ბინის ყიდვის მაჩვენებელი 0.9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში – 5%-დან 17,6%-მდე;
▪️ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსები მუშაობენ IT, კულტურის, ხელოვნების, დიზაინის, განათლების, სერვისის მიწოდების, ვაჭრობის, მრეწველობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, მშენებლობის და სხვა მიმართულებით.
(მეტი დეტალი იხილეთ რადიო თავისუფლების სტატიაში კომენტარის სახით).
რატომ გარბიან ადამიანები ქვეყნიდან თუ ყველაფერი კარგად არის? გაგიჟდა ხალხი? არა. ოცნებამ ხალხს უკეთესი მომავლის იმედი მოუსპო. ხალხი ემიგრაციაში გუშინ თუ ოჯახის სარჩენად მიდიოდა, დღეს უიმედობის, დაუფასებლობის, მომავლის პერსპექტივის არარსებობის გამო მიდის – ემიგრაციამ ფერი იცვალა.
ქვეყანა კორუფციის ხარჯზე გამდიდრებული ვიწრო, ელიტური ჯგუფის და მათი ოჯახების დასახლებად აქციეს, სადაც ჩვეულებრივი ხალხის ადგილი არ არის, მოქალაქეებს ღიად ეუბნებიან „მიბრძანდით, გზა ხსნილია“-ს.
ყველაზე კრიტიკულ ისტორიულ მომენტში ქვეყანას საგარეო კურსი შეუცვალეს და ახალგაზრდებს დღესაც იმ ფასეულობების დასაცავად უწევთ ბრძოლა, რისთვისაც თაობები 30 წლის წინ სისხლის ფასად იბრძოდნენ – დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის.
ამის პარალელურად, ქვეყნის მტრებს, ოკუპანტ რუსებს კარები ფართოდ გაუხსნეს – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში რუსები ქართველებს ანაცვლებენ. ქართველები მიდიან, რუსები მოდიან.
ჩემს გარშემო ისეთმა ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა, ვისაც სამსახურიც ჰქონდა, თანამდებობაც და შემოსავალიც. თუ არა უიმედობა, რატომ შეიძლება მოსამართლემ, პროკურორმა, პოლიციის თანამშრომელმა, თანამდებობის პირმა ქვეყანა დატოვოს და მექსიკის საზღვრით შევიდეს ამერიკაში?
მათ მიერ შექმნილი ამ ტრაგედიის ფონზე, ცდილობენ ქვეყანა ნაც-ქოცურ წრეზე ატრიალონ და საზოგადოება მიშას და ბიძინას „პრობლემებით“ კვებონ; ეკონომიკურ აყვავებაზე მითები შექმნან; არარსებული „ეშმაკები“ გამოიგონონ და შემდეგ ებრძოლონ.
ამ ფონზე, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ, რომ ემიგრანტებმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. რუსებს სავიზო რეჟიმს არ უწესებენ. ორივე საკითხზე ჩვენი ინიციატივა თაროზე შემოდეს.
ეს არის დღეს ოცნების ქართული ოცნება / Georgian Dream ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი სახე.
თუ არჩევნების გაყალბების მიზანს მიაღწიეს, კიდევ უფრო მეტი უიმედობა დაისადგურებს და მეტი ადამიანი დატოვებს ქვეყანას. ქვეყანაში დარჩება კორუფციით გამდიდრებული რამდენიმე ელიტური ოჯახი და რუსები.
ხოდა ამათ რომ ქვეყანა არ დავუტოვოთ და ამ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება გავაგრძელოთ, არჩევნებზე უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა მივიდეთ და გაყალბების უფლება არ უნდა მივცეთ. ეს არჩევნები შეიძლება იყოს ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების უკანასკნელი შანსი!” - წერს მეზვრიშვილი.