თეგებით ძიება

იმოქმედეთ, რომ შეწყდეს ახალგაზრდების სიკვდილიანობა! ასე გაგრძელება არ შეიძლება! - თამარ ჯაფარიძე ხელისუფლებას მიმართავს

რატომ გახშირდა ახალგაზრდების გაუჩინარებისა და სუიციდის შემთხვევები და რატომ არ ხდება 2022 წელს მიღებული კანონის აღსრულება? ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე Tia.ge-ს ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ლიდერი თამარ ჯაფარიძე ესაუბრა:

-ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული გაუჩინარებისა და სუიციდის შემთხვევები მიანიშნებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი დეპრესიული ფონია, რაც ბუნებრივია, ახალგაზრდებზეც აისახება. დავიწყოთ იმით, რომ ვირტუალურმა სამყარომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ამას დავუმატოთ თამაშდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სტრესული ფონი, ოჯახის წევრებს შორს გაუცხოება და მართლა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. დღე არ გავა, სამი-ოთხი ახალგაზრდა არ წავიდეს ამ ქვეყნიდან. დენი დაარტყამს, სუიციდი იქნება თუ უბედური შემთხვევა,  ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის და ოჯახების ტრაგედიაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სახელმწიფოებრივი, მწყობრი ხედვა სჭირდება როგორ გამოიყვანოს მოსახლეობა ამ უმძიმესი, შოკური მდგომარეობიდან. 

- შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ? 

- 2021-22 წლებში საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც 30 თინეიჯერიდან 17 ბიჭს და 2 გოგონას ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა. ნარკოდამოკიდებულება უამრავ ახალგაზრდას იწირავს და სახელმწიფო გარედან დამკვირვებლის პოზიციაშია. უნდა გავიგოთ, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფო სუბსიდირება სჭირდებათ, რადგან ამ დარგის სპეციალისტების მომსახურება ძალიან ძვირია, ამ ადამიანებს კი არავითარი რესურსი  აღარ გააჩნიათ. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ჯანდაცვის სექტორში შესული თანხის თუნდაც 5% დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოხმარდეს. 

- ნარკოდამოკიდებულებს გულისხმობთ თუ თამაშდამოკიდებულებს?

- ნებისმიერს... იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთ დამოკიდებულებაშია. როგორც წესი, თამაშდამოკიდებულება იწვევს ნარკოდამოკიდებულებას და ნარკოდამოკიდებულება - თამაშდამოკიდებულებას ან იშვიათ შემთხვევაში, ალკოჰოლდამოკიდებულებას. დამოკიდებული ადამიანი საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობს და სხვა დამოკიდებულებაში ეფლობა.  ანგელოზივით ბიჭები და გოგოები მინახავს, რომლებიც ორივე დამოკიდებულებას ებრძვიან. მათი ნაწილი მეტადონის პროგრამაშია ჩართული, რაც კიდევ ცალკე საკითხია და ამაზე სერიოზული მსჯელობა უნდა გაიმართოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს მეტი სერვისი და ნაკლები ფსიქოტროპული მედიკამენტი უნდა მივცეთ, რაც რეაბილიტაციის შანსებს გაზრდის, მაგრამ ამის ნაცვლად,  დოზებს ვუზრდით და ვღუპავთ... გამოდის, რომ მუდმივად „წამალზე ვსვამთ?“ 

- ყველამ ვიცით, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული დედების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ბევრი მშობელი არჩევანის წინაშე დგება - წავიდეს და შვილი ფინანსურად უზრუნვეყოს თუ დარჩეს და შვილი მავნე გავლენისგან დაიცვას...

- უამრავი ემიგრანტი მიკავშირდება და ვიცი, რომ ბევრი მათგანი სწორედ ოჯახის წევრის დამოკიდებულების გამო წავიდა. ახლახან ვესაუბრე ქალბატონს, რომელიც იძულებული გახდა წასულიყო, რადგან მისმა შვილმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო სახლიდან ხან მაცივარი გაიტანა, ხან კომპიუტერი, ხან ტელევიზორი, ოქროულობა და ა.შ. არ დავასახელებ და ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პროვინციაში მომუშავე 100 ქართველი ქალიდან 65 სამშობლოდან დამოკიდებული ოჯახის წევრის გამო წავიდა. ამ დედებს რომ ვუთხრათ დაბრუბდითო, სად დაბრუნდნენ? სახლი აღარ აქვთ და ოჯახის  წევრები ვალებში არიან ჩაფლულები, ამიტომ სახელმწიფოს ვუბნებით, რომ იმოქმედოს. ხომ მივიღეთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონი? რატომ არ სრულდება?

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, კონკრეტულად, სად, რომელ ნაწილში არ სრულდება?

- დარღვეულია აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სარეკლამო ბანერის ზომები. სახმელეთო სამორინეებს, სლოტ-კლუბებს, ტოტალიზატორებს 10 კვადრატულ მეტრზე დიდი სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება არ აქვთ, მაგრამ რეალურად, გაცილებით დიდი ზომის ბანერებს ვხედავთ. „შანგრილას“-თან კანონი დარღვეულია, პეკინზე, „ლუმნაბეტთან“ კანონი დარღვეულია, „კრისტალბეტთან“, „აჭარასთან“ დარღვეულია, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?.. 

- კანონდარღვევების შესახებ რომელიმე სახელმწიფო უწყებას თუ აცნობეთ?

- დედაქალაქის მერიას წერილით მივმართეთ და პასუხად მივიღეთ, რომ არქიტექტურის სამსახურს ეს ბანერები ქალაქის იერსახის დამახინჯებად არ მიაჩნია, რაც თვალებში ნაცრის შეყრაა. გასულ კვირას, ჩვენმა ორგანიზაციამ რეგიონული პოლიტიკისა და მუნიციპალური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ კახი კახიშვილს წერილით მიმართა, სადაც ეს დარღვევევები ჩამოვთვალეთ და ბატონი კახის რეაგირება ვთხოვეთ. 10 დღეში მისგან ველოდებით პასუხს და შემდეგ იძულებული გახდებით კანონის აღსრულების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გავმართოთ. კახიშვილის გარდა, ღარიბაშვილსაც მივწერეთ, პეტიციაც შევავსეთ, მაგრამ პასუხად არაფერია. სათამაშო ბიზნესმა ლომბარდებისა და მიკროსაფინანსოების წყალობით ეროვნული ბანკიც გასვარა. ახლა ოქროს ბირჟაზეც დასვეს ადამიანები, რომლებიც მოთამაშეებისგან ძვირფას ნივთებს პროცენტში იბარებენ და მერე მისი ოჯახის წევრები პროცენტს იხდიან. წარმოიდგინეთ რა ქაოსში ვართ. სათამაშო ბიზნესი ხსნის კრიმინალისკენ გზას. ბატონ პრემიერს მივმართავ - ბატონო ირაკლი, თქვენს მიერ მოწონებული და მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 1 მარტს მიიღო, სათამაშო ბიზნესმა მიწასთან გაასწორა. თქვენი პარლამენტარები, თქვენი მუნიციპალური სამსახურები და საჯარო მოხელეები ამ ბიზნესს ფართოდ ლობირებენ და გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებისგან უმწვავეს რეაქციას მიიღებთ. დიახ, ჩვენს თავზე ბომბები არ ცვივა, მაგრამ უმძიმესი სოციალური ფონია და ყოველ დღე 5-6 ახალგაზრდა გვეღუპება. გასული წლის სტატისტიკა რომ ნახოთ, მარტო ოქტომბრის თვეში დამოკიდებულების გამო, შვიდი სუიციდის ფაქტი მოხდა და მითხარით, ბომბები თუ არ ცვივა, მშვიდობა გვაქვს?.. იმოქმედეთ, რომ შეწყდეს ახალგაზრდების სიკვდილიანობა! ასე გაგრძელება არ შეიძლება! 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა