“მღრღნელები აზიანებენ უნიკალურ ექსპონატებს, ჭერზე ბუდობენ ღამურები...“ - ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი ნადგურდება
ლანჩხუთში, ნიგვზიანში მდებარე ეგნატე ნინოშვილის მემორიალურ მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ ვრცლად ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზოია ტუღუში „გურია ნიუსთან“ საუბრობს.
“დრო რომ გადის, ბევრი რამ დავიწყებას ეძლევა, ადამიანებს იმდენი განსაცდელი გამოუვლიათ, ძნელია იფხიზლონ და მეხსიერებაში შემოინახონ გარდასული დროის მნიშვნელოვანი მომენტები _ წარმატება თუ წარუმატებლობა შენი კუთხის, შენი მხარის, შენთვის ძვირფასი კერის…
სამაგიეროდ, ჩვენ, ვინც ვემსახურებით კულტურის კერებს, მუზეუმებს, უფლება არ გვაქვს, არ “გავაცოცხლოთ” წარსული, არ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებას არა და არ დაადგა საშველი და ქმნიან საფრთხეს უნიკალური საუნჯის განადგურებისა.
ასეთი დილემის წინაშეა დღეს ნინოშვილის მუზეუმი, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ღირსეული ადგილი ეჭირა საქართველოში არსებულ მემორიალურ მუზეუმებს შორის. ის აღიარებულია ერთ-ერთ სამაგალითოდ ფონდების სიმდიდრით, ექსპოზიციის მრავალფეროვნებით, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და საპუბლიკაციო მუშაობის მაღალი დონით, აკადემიზმით, რომელიც მუზეუმს დაუმკვიდრა ბატონმა მიხეილ ვადაჭკორიამ თავისი ღვაწლით, თავდადებით, თავშეწირვით, წარმოუდგენელი ერთგულებით…
ბატონი მიხეილის გარდაცვალებიდან უკვე 30 წელი გავიდა. მუდამ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა და გაგვეღრმავებინა ის ტრადიციები, რაც მან დანერგა. მგონი, შევძელით კიდეც. სამეცნიერო-საკვლევი და კულტურულ-საგანმანათლებლო დონე ნამდვილად არ შემცირებულა. თუმცა გაჩნდა იმგვარი პრობლემები, რომელთა გასწორების გარეშე მუზეუმს მომავალი არ გააჩნია. მხედველობაში გვაქვს საგამოფენო დარბაზი, რომელიც სრულიად შეუფერებელია მუზეუმის სივრცისთვის. შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. წარმოუდგენელია 21-საუკუნეში ასეთ ძველ, მღრნელებისგან დაზიანებულ, ავარიულ ფართში შესაძლებელი იყოს ექსპოზიციის გამართვა”, _ ამბობს ზოია ტუღუში.
როგორც მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი განმარტავს, მუზეუმის საგამოფენო ნაწილი მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ექსპონატები კი, ფაქტობრივად, განადგურების პირასაა:
“მღრღნელები აზიანებენ უნიკალურ ექსპონატებს, ჭერზე ბუდობენ ღამურები, რომელთა არსებობა დიდ დისკომფორტს უქმნის დამთვალიერებლებს. ტენიანობისა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვის არანაირი პირობები არ არსებობს!
დანესტილია ფერწერული ტილოები, ნაწილი მღრღნელებისგან დაზიანებული. აქ ექსპონირებულია ქართველი კლასიკოსი მხატვრების: უჩა ჯაფარიძის, გიორგი ჯაშის, მოსე თოიძის, ქეთევან მაღალაშვილის, ნოდარ ხინველის, კობა გურიელის, ვალენტინა აზიზოვა-ჩხაიძის, ვალერიან მიზანდარის, დავით ურუშაძის, კორნელი სანაძის და სხვათა შემოქმედების ნიმუშები დედნების სახით.
ვის აქვს უფლება კულტურული მემკვიდრეობის ეს საუნჯე საალალბედოდ გავწიროთ, გულგრილობით გვერდი ავუაროთ პრობლემებს, რომლებიც, რაც დრო გადის, მეტად ღრმავდება?!
2023 წლის იანვარში მუზეუმში იმყოფებოდა ლიტველი ჟურნალისტი, მშვიდობისა და თანხმობის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი პირუტე მაჟაიკენე, რომელიც აღშფოთებული დარჩა საგამოფენო შენობის ავარიული მდგომარეობით. გამოთქვა თავისი გულისტკივილი უნიკალურ ექსპონატთა ასეთ შეუფერებელ პირობებში არსებობის გამო. მისი თქმით, დანაშაულია, როცა ხელისუფლება არ ხედავს ამ პრობლემას და არ სახავს მისი გადაჭრის გზებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საგამოფენო დარბაზის მრავალი პროექტი არსებობს, სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდზე. ვერაფრით მოხერხდა მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები გამონახულიყო. თუ ადგილობრივ მთავრობას არ გააჩნია სათანადო სახსრები, ნუთუ არ შეიძლება, დააინტერესონ ბიზნესმენები და შეძლონ დაფინანსდეს საგამოფენო დარბაზის მშენებლობა.
არასდროს აკლდა ნინოშვილის მუზეუმს მადლიერი დამთვალიერებელი, არც ახლა გვაკლია, თუმცა მადლობის პარალელურად გულისტკივილიც ახლავს მათ შთაბეჭდილებებს. რამდენიმე დღის წინ გვეწვივნენ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებმაც მობილური ტელეფონებით გადაიღეს საგამოფენო შენობის ვირთხებისგან დაზიანებული არეები. გაოცება ვერ დამალეს, რატომ არის ასეთ პირობებში ექსპონატები, რომელთა მნიშვნელობა, რაც დრო გადის, მეტად მატულობს!
წელს მუზეუმს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ის ოფიციალურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული. თავისი წარმატებებით, ნაყოფიერი შედეგებით, შეუდარებელი ბუნებრივი სივრცით, დიდი და სერიოზული შრომა-გარჯილობით განა არ იმსახურებს, რომ ბოლოს და ბოლოს ეღირსოს თანამედროვე ტიპის საგამოფენო დარბაზი?
“კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო”-ნათქვამია. სანამ ჭირი მოგვერევა, საჭიროა მანამდე პრობლემის აღიარება და მისი აღმოფხვრისთვის ყველა ზომების მიღება, რაც სასწრაფოდ უნდა იტვირთოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. საქმე საშურია, დრო კი მცირე!” _ მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანთ ზოია ტუღუში.
ზოია ტუღუშის მხრიდან გაჟღერებული ნინოშვილის მუზეუმში არსებული პრობლემის თაობაზე “გურია ნიუსი” საკრებულოს თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძეს დაუკავშირდა, რომელიც ზედიზედ სამგზისაა ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში და უშუალოდ კურირებს თემში არსებული პრობლემების მოგვარებას. როგორც ტაბიძე ამბობს, ნინოშვილის მუზეუმის დარბაზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკრებულოს თანხმობა არსებობს და ახლა მუშაობა თანხების მოძიებაზე მიდის, რაშიც თავადაც აქტიურადაა ჩართული. ტაბიძე მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს იმ სიკეთეებსაც ახსენებს, რაც მისი მაჟორიტარობის პირობებში გახორციელდა მუზეუმთან მიმართებაში:
“წელს, 21 იანვრის საკრებულოს სხდომაზე გავიდა განკარგულება მოსაწონებლად, რომელიც სწორედ ნინოშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციის საკითხს ეხებოდა. საკრებულომ მოწონება მისცა და ახლა ყველანაირად ვცდილობ, რომ ამ კუთხით საჭირო თანხების მობილიზება მოვახდინო. ისე კი გეტყვით, რომ ზოია ტუღუშს დაავიწყდა, თუ რა მდგომარეობა იყო აქ ჩემამდე; დაავიწყდა, რომ მუზეუმამდე მისასვლელი ხუთ კილომეტრიანი გზა სწორედ ჩემი დეპუტატობის დროს დაიგო; დაავიწყდა, რომ მოეწყო განათებები, მუზეუმის ადმინისტრაციისთვის გაკეთდა ახალი შენობა; ექვსი საშტატო ერთეული, რომელიც გაუქმებას ექვემდებარებოდა, ჩემი ძალისხმევით შენარჩუნდა; 5 ჰექტარი მიწა კი, რომელიც სატყეოს ჰქონდა წაღებული, მუზეუმს დავუბრუნე.
ჩემამდე მუზეუმამდე მისასვლელი გზა არ იყო და დამთვალიერებლები მისვლას ვერ ახერხებდნენ, ადმინისტრაციული შენობას იატაკი ჰქონდა ჩავარდნილი, ფაქტობრივად, ინგრეოდა ყველაფერი.
გამოვიდნენ, მითხრან ჩემამდე თუნდაც ერთი მეტრი გზა თუ დაუგია მუზეუმთან ვინმეს და მე საქვეყნოდ ბოდიშს მოვიხდი”, _ ასე პასუხობს თემის რჩეული მუზეუმის თანამშრომლის მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს.
წყარო: „გურია ნიუსი“