არქეოლოგებმა ეკლესიის ქვეშ, უძველესი საიდუმლო ლაბირინთები აღმოაჩინეს
ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ძველმა ზაპოტეკებმა [ამერიკის ინდიელთა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს აღმოსავლეთ და სამხრეთ ოახაკაში, სამხრეთ მექსიკაში] სამხრეთ მექსიკაში, მიწის ნაპრალის გარშემო გვირაბების რთული ქსელი გააშენეს და თვლიდნენ, რომ ის ქვესკნელში შესასვლელი იყო. მოგვიანებით, ესპანელმა მისიონერებმა დალუქეს შესასვლელი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-15 საუკუნეში აშენებული სან-პაბლოს სახელობის კათოლიკური ეკლესიის ქვეშ იყო აგებული.
ახალმა ანალიზმა კი დაადასტურა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ქვემოთ კორიდორების უზარმაზარი „მიწისქვეშა ლაბირინთი“ არსებობს. მკვლევართა გუნდმა გვირაბები მიტლას (უძველესი ქალაქი დღევანდელ ოახაკაში) ნანგრევების ქვეშ იპოვა. მიტლა რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ზაპოტეკებისთვის - ჯგუფისთვის, რომელიც წარმოიშვა მექსიკის ოახაკას ხეობაში დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. ქალაქის განსაცვიფრებელი მიწისზედა მოზაიკა და ფრესკები ჯერ კიდევ არსებობს.
ადგილობრივი ცნობების გარდა, ისტორიული მასალები გვირაბების შესახებ „ლეგენდებს“ ადასტურებს. დომინიკელი მემატიანე ფრანცისკო ბურგოა 1674 წელს წერდა, რომ მიტლაში მიწის ღრმა ნაპრალი ესპანელი მისიონერების ჯგუფს უნდა შეესწავლა. მაგრამ, როდესაც ისინი ლაბირინთში ჩავიდნენ, „მიწა ძალიან დაზიანებული იყო და ცუდი სუნი იდგა; იატაკი ნესტიანი იყო. ცივმა ქარმა მისიონერებს ჩირაღდნები ჩაუქრო და ამიტომ მათ მხოლოდ მცირე მანძილზე შეაღწიეს… მისიონერებმა გადაწყვიტეს, ამოსულიყვნენ და ბრძანეს, რომ ეს ჯოჯოხეთური კარი ქვით დაელუქათ“, - წერდა ბურგოა.
მისიონერებმა ყველა შესასვლელი დალუქეს გვირაბის ქსელში, რომელსაც ზაპოტეკები ლიობაას [Lyobaa], ანუ „მოსვენების ადგილს“ უწოდებდნენ.
მიტლას საიდუმლოებების გამოსავლენად, არქეოლოგთა გუნდი სახელწოდებას გაეცნო: პროექტი Lyobaa არის თანამშრომლობა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტს, მექსიკის ისტორიისა და ანთროპოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტსა და ARX პროექტს შორის. მკვლევარებმა სამი გეოფიზიკური სკანირების ტექნოლოგიის საშუალებით - გეორადარით, ელექტროტომოგრაფიით და სეისმური ხმაურის ტომოგრაფიით - მიტლას მიწისქვეშა გადასასვლელების 3D მოდელი შექმნეს.
ამ ტექნოლოგიებით მიღებულ მონაცემთა კომბინირების შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა "დიდი ზომის ღიობი, რომელიც მდებარეობს ეკლესიის მთავარი საკურთხევლის ქვეშ". მათ ასევე აღმოაჩინეს კიდევ ორი გადასასვლელი, რომელიც მიწაში 5-8 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ასევე ეკლესიის ჩრდილოეთით კიდევ ერთ "გეოფიზიკურ ანომალიას" მიაგნეს.
ახლადაღმოჩენილი კამერები და გვირაბები პირდაპირ კავშირშია ზაპოტეკების ძველ რწმენებთან და ადასტურებს კოლონიური ცნობების ჭეშმარიტებას, რომლებიც ეხება მიტლაში გავრცელებულ დახვეწილ რიტუალებსა და ცერემონიებს. ისინი ტარდებოდა მიწისქვეშა კამერებში, რომლებიც უკავშირდებოდა მიცვალებულთა და წინაპრების კულტს.
როგორც ARX პროექტის დამფუძნებელი მარკო ვიგატო ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები გადასასვლელების პოვნას მოელოდნენ, ისინი გაოცებულები დარჩნენ მათი უზარმაზარი მასშტაბით. „მეტი კვლევაა საჭირო ამ მიწისქვეშა ზონის მახასიათებლების სრული მასშტაბის ზუსტად დადგენისთვის“, - თქვა მარკო ვიგატომ.
„ეს აღმოჩენები ხელს შეუწყობს მიტლას წარმოშობისა და მისი, როგორც უძველესი ადგილის განვითარების ისტორიის ხელახლა დაწერას, ასევე ღირებული ინფორმაციის მოპოვებას რეგიონში სეისმური და გეოლოგიური რისკის მართვისა და პრევენციის მიზნით“, - წერენ მკვლევარები.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/zapotec-underworld-entrance-mexico-180982552/