პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-დან 12-წლამდე ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა. პაპილომა ვირუსი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განმარტებით, გოგონებში სახელმწიფომ ვაქცინაცია ოთხი წელია დაიწყო, თუმცა მოცვის მაჩვენებელი 48 პროცენტს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. მისივე განცხადებით, არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნეების გარდა.
"უკვე მეორე კვირაა საქართველოში მიმდინარეობს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბიჭებშიც. ამ მხრივ, საქართველო მსოფლიოში 48-ე ქვეყანაა, რომელიც ატარებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში.
ასაკობრივი ჯგუფი არის განსაზღვრული, ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკი, გოგონებში 10-11-12 წლის ასაკი, მაგრამ ასევე დასაშვებია ვაქცინაცია 26 წლის ასაკის ქალბატონებშიც. 26 წლის ზემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური რეკომენდაციაა გაცემული. პაპილომა ვირუსი არის ერთადერთი ვირუსი, რომლის ონკოგენური აქტიურობა დადასტურებულია და რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინაცია არსებობს. ამ ინფექციის აბსოლუტური უმრავლესობა ან უსიმპტომოა ან მიმდინარეობს უმნიშვნელო სიმპტომებით, მაგრამ 3-5%-ში შეიძლება განვითარდეს სერიოზული ონკოლოგიური პრობლემა," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.