თეგებით ძიება

„საქართველოსთვის გაწერილი პროგნოზები არსებობს, მაგრამ ეს ნაკლებად დამაიმედებელი პროგნოზებია“ - რა პრობლემებს მოუტანს საქართველოს კლიმატის ცვლილება?

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. „კლიმატური ცვლილებები უკვე ხდება, ისინი შემზარავია და ეს მხოლოდ დასაწყისია" -  ასე შეაფასა მდგომარეობა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. 

როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილებებზე უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, რა ელის კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით საქართველოს და მთელ მსოფლიოს უახლოეს ათწლეულებში და რატომ გვაქვს ევროპის ანომალურ სიცხეებთან შედარებით გრილი ზაფხული? ამ და სხვა კითხვებით TIA.GE-მ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნტივის“ დირექტორს, მანანა ქოჩლაძეს მიმართა.

- ხდება ის, რაზეც დიდი ხანია გვაფრთხილებენ. ეს არის ე.წ. სითბური ტალღები, რომლებიც ძალიან გახშირდა. სამწუხაროდ, ჩვენთან არ აწარმოებენ სტატისტიკას რამდენი ადამიანი ხდება ცუდად როგორც ტემპერატურის აწევის, ისე დავარდნის შედეგად. შესაბამისად, ძალიან რთულია ჩვენი მდგომარეობა შევადაროთ იმას, რაც ევროპაში ხდება. შარშან ჩვენს რეგიონში, კერძოდ, ირანში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა. შესაბამისად, ჩვენ რეგიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გაუდაბნოების პროცესი და მყინვარების დნობა აქტიურად მიმდინარეობს, ტემპერატურის მატება გარდაუვალია. ჩვენ შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში ოდნავ უფრო კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც უფრო ხშირად წვიმს, მაგრამ მთლიანობაში, კლიმატის ცვლილება ჩვენთანაც იგრძნობა და როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე სოფლის მეურნეობასა  და ტურიზმზე ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არაა და სოფლის მეორნეობაში, ტურიზმსა თუ ეკონომიკაში შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებები არ ტარდება, ამიტომ საკმაოდ დიდი პრობლემები გველის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, მოსავალთან მიმართებაში და ა.შ.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები ძალიან გავრცელდა და გაახალგაზრდავდა, ეს მოსალოდნელიცაა.. 

 - გულსისხლძარღვთა დაავადებებით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. შესაბამისად, ეს ძალიან ბევრ ადამიანზე მოქმედებს. ჩვენ გვშველის ზაფხულში ქალაქგარეთ გასვლის ტრადიცია, სადაც სუფთა ჰაერის ხარჯზე სიცხეების გადატანა ნაკლებად რთულია,  მაგრამ მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ქალაქიდან გასვლის ან კონდიცირების საშუალება არ აქვთ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება ასეთ ლამაზ ბუნებაში ამდენი გულსხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანი ცხოვრობდესო, მაგრამ ჩვენ ხომ ამ ბუნების დაბინძურებაც მოვახერხეთ? საქართველო ჰაერის დაბინძურებით ევროპაში მესამე თუ მოთხე ადგილზეა. ამას თუ ჩვენი კვების არაჯანსაღ რაციონს, სტესულ გარემოს და მოუწყობელი ჯანდაცვის სისტემას დავუმატებთ, გასაკვირი არაფერია. როდესაც ყოველ მესამე ბავშვს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვს, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ბავშვის სისხლში ტყვია არ უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია და რასაც ამ ბუნებას ვუშვებით, სამწუხაროდ, იგივეთი გვპასუხობს.

- შეგიძლით გვითხრათ, კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით, უახლოესი 50 წლის მანძილზე რა გველოდება?

- მე შემიძლია გაგიმეოროთ ის, რასაც მეცნიერები ამბობენ. კერძოდ, ივნისში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, შარშან ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა იყო და წელსაც, ამ ორი თუ სამი კვირის წინ, ასევე ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში დედამიწის საშუალო ტემპერატურა კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება და ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. 

- რამდენს მიაღწევს?

- 2050 წლამდე ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება მიაღწიოს არა 1,5 გრადუს ცელსიუსს, რომელიც თავისთავად, პრობლემატურია, არამედ 2 გრადუსს, რომელიც კიდევ უფრო პრობლემატური იქნება. რაც შეხება საქართველოს, გაეროში რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება ეროვნული კომუნიკაციის წარდგენა, რომელიც ყველაზე პრობლემატურ და მოწყვლად ადგილებს განსაზღვრავს. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის შავი ზღვის რეგიონი, ქვემო ქართლი, სვანეთი და კახეთი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემები შეიძლება წყალთან და მაღალ ტემპერატურასთან მიმართებაში შეიქმნას. ერთ მხრივ, ეს იქნება წყლის ნაკლებობა კახეთში და მეორე მხრივ, ძალიან ბევრი წყალი ქვემო სვანეთში, შავიზღვისპირეთში.. ასე, რომ საქართველოსთვის გაწერილი პროგნოზები არსებობს, მაგრამ ეს ნაკლებად დამაიმედებელი პროგნოზებია. როდესაც ჩვენი ენერგეტიკის 80% ჰიდროელექტროსადგურებზეა დამოკიდებული, წყლის ნაკლებობა პრობლემების მთელ ჯაჭვს შექმნის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის ღონისძიებები განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდეს  ეკონომიკური განვითარების მოდელების დანერგვისას.

- როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები? 

- უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გარმოზე და პირველ რიგში, კლიმატზე  ძალიან  დიდი ზემოქმედება გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ მოვისმინე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ რუსეთთან ომის თითოეული დღე 57-დან 100 მილიონამდე დოლარის გარემოსდაცვითი ხარჯია, რაც ძალიან ბევრია. როდესაც ტყეებ და დაცული ტერიტორიები ნადგურდება, როდესაც ნიადაგში ბომბის სახით ამდენი მძიმე ლითონი ხვდება და ისიც ემატება, რომ რუსებს დაღუპული მეომრები ბრძოლის ველიდან არ გააქვთ, ბუნებრივია, რომ  უზარმაზარი პრობლემა იქმნება. უკრანისთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდებათ, რომ ეს მიწები წესრიგში მოიყვანონ და გარემოზე დამატებითი ზემოქმედებს გარეშე აღადგინონ. 

სასურსათო უსაფრთხოება მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილების ერთ ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. წარმოიდგინეთ, თუ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის შეჩერებამ მსოფლიოსთვის ასეთი მძიმე შედეგები გამოიწვია, რა იქნება ომის შემდგომ, როდესაც აღდგენის პროცესების გათვალისწინებით, სოფლის მეურეობის პროდუქტების მიწოდება შეფერხდება? მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას და მის დაძლვისთვის უდიდესი მუშაობა გვჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა