ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ - მაჭარაშვილი ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს პროტესტი პროვოკაციაა.
"განსხვავება ვინც შემოდის, ვთქვათ, ავტომანქანით და თვითმფრინავით და გემით, რა არის. ეს იქნება რუსეთის მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა ახსნან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არ გაქვს პრობლემა და არც გქონდა პრობლემა, რომ ვთქვათ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, მათ შორის ეთნიკურად ქართველები ხაზს ვუსვამ, პრობლემა რატომ გახდა, მათ შორის, ან გემით და ან თვითმფრინავით შემოსვლა. ეს გაუგებარი არ არის, ეს არის გასაგები. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ. ავტოკრატია არიო და ჩვენ დემოკრატია გვინდაო, რომლებიც იძახიან, რომ ერთი ბატონი გვინდა, ცალ ფეხზე დგომა გვინდა და ისე გვინდა, რომ ვიყოთ ურთიერთობაში ამერიკასთან და ევროპასთან. არ გამოვა ესე, მეგობრებო", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციზე 9 ადამიანი დააკავა.
მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ რუსი ტურისტების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გემზე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც.