თეგებით ძიება

არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები რუსების შემოსვლას მიესალმებიან - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას გამოეხმაურა. დეგნანის თქმით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები რუსების საქართველოში შემოსვლას მიესალმებიან".

"არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. მაშინ, როცა ხელოვნური შექმნილი გამყოფი ზოლით ის ოჯახებს ყოფს. მაშინ, როცა აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ისინი ტყვეობაში და არ უშვებენ. 

ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა, თუ ზღვით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც გახლავთ კონსტიტუციით დაცული უფლება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება და ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და გამოხატავენ პროტესტს", - თქვა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. ბათუმის პორტში აქცია, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, ახლაც გრძელდება. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 15 პირი დააკავა. რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს, ახლა ისინი ბათუმში ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა