„ტკივილს აყენებთ ჭირისუფალს, თითქოს შანსი იყო და ხელიდან იქნა გაშვებული. ეს ხომ ჯერ უნდა გამოიძიონ და მერე ისაუბრონ? ასე აჟიტირება შეიძლება?“ - ამირან სალუქვაძე შოვის ტრაგედიაზე
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„დილიდან ისევ სვამენ ორ კითხვას, რატომ არ იყიდეთ შვეულმფრენები დაპირებისამებრ და მეზობელ ქვეყნებს რატომ უთხარით უარი შვეულმფრენებზე, იქნებ მათი მეშვეობით ხალხის გადარჩენა მოხერხებულიყოო.
1. აი ის ჟურნალისტი, სიცილით რომ ამბობდა, გუგლში თითის ერთი დაჭერით იძებნება, რომ დაპირება გაიცა და მოიტყუაო, არადა თავად იტყუება, ზუსტად მასე მარტივად იძებნება, რომ 2022 წელს შსს-მ გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მესახებ.
ეს ინფორმაციები 2022 წლის დეკემბერში გაავრცელა რადიო თავისუფლებამ, ფორბსმა, bm.ge-მ და სხვებმა. არ იციან?
ამ 2022 წლის ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთი იწყებს სამი ახალი შვეულმფრენის დამზადებას და პირველი აპარატი უნდა მივიღოთ 2023 წლის ბოლოს, მომდევნო ორი 2-3 თვის ინტერვალით. მეც დავწერე, განცხადებაც გააკეთა სამაშველომ.
ანუ, როცა მიიღეს გადაწყვეტილება 3 შვეულმფრენის შეძენაზე და მთავრობამ გააკეთა განცხადება, მოხდა კომპანიის და საფრენი აპარატების ტიპის შერჩევა, ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება, რასაც თვეები დასჭირდა და 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა.
ახალი შვეულმფრენის ან თვითმფრინავის აგებას დრო სჭირდება. ახლის აგებას კი არა, კაპიტალურ შეკეთებასაც თვეები სჭირდება.
ამიტომ სიცრუეა ის, რომ შესყიდვა არ განხორციელდა. შეძენილი შვეულმფრენები მიღება, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო შოვის ტრაგედიისთვის და ვერ მოესწრებოდა ფიზიკურად, რადგან ხელშეკრულებითაა ვადები განსაზღვრული.
კიდევ გვჭირდება შვეულმფრენები ჯარშიც და შსს-შიც. ბევრი სხვა რამეც გვჭირდება. დამატებით საჭიროებებზე რომ საუბრობდეთ, გავიგებდი და დაგიდასტურებდით ამ საჭიროებებს. მაგრამ არ უყიდიათო, რატომ ამბობთ?
ცალკე საკითხია ის, რომ ორი და სამი კი არა, ათი შვეულმფრენი რომ ყოფილიყო, იმ მორევში მოხვედრილ ადამიანებს გადაარჩენდნენ?
მე არ ვამბობ, რომ კითხვები არ უნდა დაისვას. უნდა დაისვას, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს შესაბამისი დასკვნებით და დისკუსიებიც უნდა იყოს, ოღონდ არა სიცრუეებით და მანიპულაციებით და პოლიტიკური მდგენელის გარეშე. თუმცა ეს ჩვენთან უკვე წლებია შეუძლებელია.
2. რომ ჩაეთვალა შსს-ს სამაშველო სამსახურს მეგობარი სახელმწიფოებიდან შვეულმფრენების დახმარების საჭიროებაზე, ვინმემ იფიქრა რამდენ ხანში შესძლებდა ეს სამი სახელმწიფო შვეულმფრენების მოწოდებას? ტრაგედია 15 საათზე მოხდა. მეზობელი ქვეყნებიდან დახმარების გაწევასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა საღამოს 6-7 საათზე. თანხმობის შემთხვევაში შვეულმფრენები ჩამოფრინდებოდნენ მეორე დღეს. შესძლებდნენ ვინმეს გადარჩენას? როცა მუდმივად ატრიალებთ ამ კითხვას, ტკივილს აყენებთ ჭირისუფალს, თითქოს შანსი იყო და ხელიდან იქნა გაშვებული. ეს ხომ ჯერ უნდა გამოიძიონ და მერე ისაუბრონ? ასე აჟიტირება შეიძლება?
მფრინავებს გარდა ყველა სპეციალობის ადამიანი ლაპარაკობს ავიაციის გამოყენების შესახებ, რა შეიძლებოდა და რა არა. ალაპარაკეთ სპეციალისტები.
მესამე კითხვა ისევ ომის წლისთავის თარიღს უკავშირდება. ცალკე დავწერ, თუმცა მხოლოდ ბოლო წლებში ოცამდე პოსტი მაქვს დაწერილი“, - წერს სალუქვაძე.