მაღაროელებმა სერბეთში უძველესი რომაული გემი აღმოაჩინეს
2020 წლის შემდეგ უკვე მეორედ, ქვანახშირის მომპოვებლები სერბეთში ძველ რომაულ გემს წააწყდნენ.
„გემის ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ უცნობია - მაგრამ წინა აღმოჩენებზე დაყრდნობით, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ის შეიძლება მესამე ან მეოთხე საუკუნეებით თარიღდეს,“ - თქვა წამყვანმა არქეოლოგმა მიომირ კორაჩმა.
„აღნიშნულ პერიოდში, მდინარე დუნაის მახლობლად, ბელგრადიდან აღმოსავლეთით 72 კმ-ის დაშორებით, ხმაურიანი რომაული ქალაქი ვიმინაცუმი, მდებარეობდა. დღეს მიმდებარე ტერიტორია მდიდარი არქეოლოგიური ადგილია: მკვლევარები იქ მუშაობენ მას შემდეგ, რაც 1880-იან წლებში პირველი გათხრები დაიწყეს,“ წერს ვიმინაცუმის არქეოლოგიური პარკის ვებსაიტი. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ გემის სრული დათვალიერების შემდეგ მას სხვა არტეფაქტებთან ერთად გამოიტანენ, რომლებიც ვიმინაცუმშია ნაპოვნი. თუმცა, მიწიდან მის ამოღებას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება.
„ჩვენი ინჟინერი მეგობრები... სპეციალურ კონსტრუქციას მოამზადებენ, რომელსაც ამწე აწევს და... მას ეტაპობრივი კონსერვაციის მთელი პროცესი მოჰყვება“, - განაცხადა არქეოლოგიური ჯგუფის წევრმა მლადენ იოვიჩიჩმა.
მაღაროელებმა გემის პირველი კვალი გასულ თვეში აღმოაჩინეს. მათ ამის შესახებ არქეოლოგები გააფრთხილეს, რომლებმაც გათხრების ჩატარება დაიწყეს. ხის და ქვიშის ტენიანობამ ხელი შეუწყო გემის ნარჩენების შენარჩუნებას, რომელთა სიგრძე თითქმის 13 მ იყო (თუმცა, თავის დროზე, გემი სავარაუდოდ უფრო გრძელი იქნებოდა). „დიდი საშიშროება იყო ძლიერი მზე, რომელიც გემს ძალიან სწრაფად გამოაშრობდა. არქეოლოგიური გათხრის დროს ხის სინოტივის შენარჩუნება პრიორიტეტი გახდა“, - თქვა სერბმა არქეოლოგმა მაია მილევიჩ-ჯაჯიჩმა.
რომის უზარმაზარი იმპერია დაყოფილი იყო პროვინციებად თავისი დედაქალაქებით, რომლებსაც გუბერნატორები მართავდნენ. უძველესი ქალაქი ვიმინაცუმი მოესიის პროვინციის დედაქალაქი იყო. არქეოლოგიური ჯგუფი ვარაუდობს, რომ გემი ოდესღაც შენაკადში მიცურავდა, რომელიც აკავშირებდა მდინარე დუნაის ვიმინაცუმთან, სადაც დაახლოებით 45000 ადამიანი ცხოვრობდა.
მსგავსი ინციდენტი 2020 წელს მოხდა, როდესაც სერბმა მაღაროელებმა ამ ტერიტორიაზე შემთხვევით სამი გემის ნაშთი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში, სამთო აღჭურვილობამ აღმოჩენას დიდი ზიანი მიაყენა. გემის დაახლოებით 35-40% დაზიანდა, მაგრამ არქეოლოგთა ჯგუფმა ყველა ნაწილი შეაგროვა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი თითქმის სრული რეკონსტრუქცია,“ - თქვა მიომირ კორაჩმა.
აღნიშნულ გემებს ბრძოლისა და ხანძრის შედეგად მიყენებული რაიმე ზიანი არ აღენიშნებოდა, რის გამოც არქეოლოგებს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩათ, თუ რა დაემართათ მათ. „ერთ-ერთი ვარაუდით, ისინი ან მიტოვებული იყო ან ევაკუირებული. გემები დატვირთვის გამო მოულოდნელად არ ჩაძირულან. თუ ეს ბარბაროსების შემოსევისა და რომაული ჯარების გაყვანის დროს მოხდა, გემი შეიძლებოდა მიეტოვებინათ და ჩაძირულიყო, რათა მტრის ხელში არ მოხვედრილიყო“, - დასძინა კორაჩმა.
მომდევნო წლებში მკვლევარებს კიდევ ბევრი აღმოჩენა ელის. არქეოლოგების ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის ვიმინაცუმის მხოლოდ 5% აქვთ გასუფთავებული.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/coal-miners-discover-ancient-boat-serbia-180982679/