შვეიცარიაში, მეტეორიტისგან დამზადებული 3000 წლის წინანდელი ისრის წვერი იპოვეს
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისარი მეტეორიტისგან იყო დამზადებული.
ბერნის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევართა ჯგუფმა ქრისტეს შობამდე 900-800 წლებით დათარიღებული, 39 მილიმეტრიანი ისრის წვერი შვეიცარიაში, ბიელის ტბასთან აღმოაჩინა.
„თითქმის 3000 წლის წინანდელი არტეფაქტი მეტეორიტის რკინით დამზადდა, რომელიც ესტონეთში დაეშვა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში მეტეორიტული რკინით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800 წელს ან უფრო ადრეც ვაჭრობდნენ,“ - განაცხადეს მკვლევარებმა და დასძინეს, თუ რამდენად უჩვეულოა ისტორიაში უძველეს დროში გამოყენებული მეტეორიტული რკინის აღმოჩენა.
"მეტეორიტული რკინის ადრეული გამოყენების ასეთი მტკიცებულება ძალზე იშვიათია", - ნათქვამია კვლევაში.
იმ დროისთვის ადამიანებს ოქსიდის მადნიდან რკინის დნობა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწყებული, თუმცა მეტეორიტების ზემოქმედების ველებში ცოტა რაოდენობით რკინა აღმოჩენილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეტეორიტული რკინით დამზადებული საგნები აღმოჩენილია თურქეთში, საბერძნეთში, სირიაში, ერაყში, ლიბანში, ეგვიპტეში, ირანში, რუსეთსა და ჩინეთში, ასეთი არტეფაქტები ადრე მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ორ ადგილზე [პოლონეთში] იყო ნაპოვნი.
ექსპერტები მანამდე ფიქრობდნენ, რომ ისრისთვის ტვანბერგის მეტეორიტის რკინა გამოიყენეს, რომელიც დედამიწაზე წინარეისტორიული ხიმინჯებიანი ნაგებობიდან რამდენიმე კილომეტრში დაეცა. თუმცა, რკინის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ასე არ იყო და არც მასალა მიეკუთვნებოდა პოლონეთში ჩამოვარდნილ მეტეორიტს.
მსგავსი ქიმიური შემადგენლობით ევროპაში მხოლოდ სამი მეტეორიტია ცნობილი, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ ყველაზე სავარაუდო წყარო კაალიჯარვში (ესტონეთში) იყო, როდესაც მეტეორიტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს ჩამოვარდა და „ბევრი მცირე ფრაგმენტი წარმოქმნა“.
„ზოგიერთი ფრაგმენტი მოგვიანებით სამხრეთ-დასავლეთით შვეიცარიაში სავაჭრო გზებზე გადაინაცვლებდა. ბრინჯაოს ხანაში, ევროპის მასშტაბით, ვაჭრობის პრაქტიკა დადასტურებული ფაქტია: ქარვა ბალტიისპირეთიდან (როგორც ისრის წვერი, სავარაუდოდ), კალა კორნუოლიდან, მინის მძივები ეგვიპტედან და მესოპოტამიიდან შემოჰქონდათ. მათი მოცულობა რამდენიმე ტონა იყო“, - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ბედა ჰოფმანმა.
წყარო: https://edition.cnn.com/style/article/arrowhead-meteoritic-iron-scli-intl-scn/index.html