თეგებით ძიება

ოჰრიდის ტბის საიდუმლო - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

საყრდენებზე 8000 წლის წინ აშენებული სახლები შეიძლება ევროპაში ოდესმე აღმოჩენილ ტბისპირა უძველეს დასახლებას ეკუთვნოდეს. 

ოჰრიდის ტბის - "ბალკანეთის მარგალიტის" ფირუზისფერი წყლების ქვეშ მეცნიერებმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბინადრები აღმოაჩინეს. არქეოლოგების აზრით, ტბის ალბანური ნაპირის მონაკვეთზე ოდესღაც 8000 წლის წინ  გაჩნდა დასახლება,  შესაბამისად, ის დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი [ქრისტეს შობამდე 6000-5800 წლები] ტბისპირა სოფელია ევროპაში.

„ეს რამდენიმე ასეული წლით უფრო ძველია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისა და ალპურ რეგიონებში ტბების ნაპირზე მანამდე ცნობილი საცხოვრებელი ადგილები. ჩვენი ინფორმაციით, ის ყველაზე ძველია ევროპაში”, - თქვა ბერნის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ალბერტ ჰაფნერმა.

ჰაფნერმა და მისმა არქეოლოგთა გუნდმა გასული ოთხი წლის განმავლობაში გათხრები ჩაატარეს ლინში, ოჰრიდის ტბის ალბანურ მხარეს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის მთიან საზღვარზე. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ზონაში 200-დან 500-მდე ადამიანი ცხოვრობდა - ტბის ზემოთ აშენებულ სახლებში ან იმ ადგილებში, რომლებიც რეგულარულად იტბორება წყლის დონის აწევით.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ დასახლება გამაგრებული იყო ათასობით წვეტიანი ფიცრით, რომლებსაც თავდაცვით ბარიკადებად იყენებდნენ.

„ამგვარად თავის დასაცავად, მათ ტყის გაკაფვა მოუწიათ“, - თქვა ჰაფნერმა.

რატომ დასჭირდა სოფლის მოსახლეობას თავდაცვისთვის ასეთი მასშტაბური ციხესიმაგრეების აშენება? არქეოლოგები ჯერ კიდევ ეძებენ პასუხს კითხვაზე.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ადამიანებმა დაახლოებით 100 000 წვეტიანი შვერილი ჩაყარეს ტბის ფსკერზე, ლინის მახლობლად. ჰაფნერმა ამ აღმოჩენას "კვლევისთვის ნამდვილი საგანძური " უწოდა.

ოჰრიდის ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ტბაა, რომელიც მილიონ წელზე მეტია არსებობს. პროფესიონალი მყვინთავების დახმარებით, არქეოლოგები ტბის ფსკერს ათვალიერებდნენ და ხშირად პოულობდნენ ხის გაქვავებულ ფრაგმენტებსა და მუხის ძვირფას ნაჭრებს.

ხის რგოლების ანალიზი მკვლევართა გუნდს ტერიტორიაზე მცხოვრების ყოველდღიური ცხოვრების აღდგენაში ეხმარება ანუ უზრუნველყოფს იმ პერიოდის კლიმატური და გარემო პირობების შესახებ ღირებულ ინფორმაციას. „მუხა შვეიცარიულ საათს ჰგავს, ძალიან ზუსტია, კალენდარივით“, - თქვა ჰაფნერმა. 

„იმისთვის, რომ გავიგოთ ამ პრეისტორიული ადგილის სტრუქტურა მისი დაზიანების გარეშე, ძალიან დეტალურ კვლევას ვატარებთ, ვმოძრაობთ ძალიან ნელა და ფრთხილად. ზოგჯერ მუშაობას საკვლევ ადგილზე აყვავებული მცენარეულობა აფერხებს. საყრდენებზე სოფლის გაშენება ძალიან რთული ამოცანა იქნებოდა და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ გააკეთა ხალხმა ეს არჩევანი“, - დასძინა ალბანელმა არქეოლოგმა ადრიან ანასტასიმ, რომელიც ხელმძღვანელობს ალბანელ მკვლევართა ჯგუფს.

ამ დროისთვის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის საკვები წყარო სოფლის მეურნეობა და შინაური პირუტყვი იყო.  

„ადგილზე აღმოვაჩინეთ სხვადასხვა თესლი, მცენარეები, გარეული და შინაური ცხოველების ძვლები. ამ ადგილის სრულად შესწავლას და საბოლოო დასკვნების გამოტანას კიდევ 20 წელი დასჭირდება“, - თქვა ალბანელმა არქეოლოგმა ილრი ჯეპალიმ.

წყარო: https://www.euronews.com/culture/2023/08/11/ohrid-history-mystery-archaeologists-dive-into-an-albanian-lake-to-study-neolithic-homes 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა