ხშირი წვიმისა და ნაკლები თოვლის გამო ჰიმალაის მთები სახიფათო ხდება
ინდოეთის ჰიმალაის რეგიონში კოკისპირული წვიმები და შეუჩერებელი მშენებლობა ხშირად კატასტროფებს იწვევს, თუმცა ნალექის უჩვეულო მატება რელიეფს კიდევ უფრო საშიშს ხდის.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მთელი მსოფლიოს მთებში (მათ შორის, ჰიმალაიში) ახლა უფრო მეტი ნალექი ფიქსირდება იმ სიმაღლეებზე, სადაც წარსულში ძირითადად თოვდა. მეცნიერთა თქმით, კლიმატის ცვლილებამ მთები გლობლურად უფრო სახიფათო გახადა, რადგან გაზრდილი ტემპერატურა არა მხოლოდ უხვ ნალექს იწვევს, არამედ აჩქარებს თოვლისა და ყინულის დნობას. წვიმის წყალი ასევე აფუჭებს ნიადაგს, რაც იწვევს მეწყერს, წყალდიდობას და ღვარცოფს.
„ჩვენი დასკვნები უზრუნველყოფს რამდენიმე მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს დათბობის შედეგად გამოწვეული წვიმის ექსტრემალურ მატებას მაღალ ზონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თოვლიან რეგიონებში. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ნულოვანი ხარისხის იზოთერმმა, გაყინვის დონემ, რომელზეც ნალექი თოვლივით მოდის, უფრო მაღალ სიმაღლეზე გადაინაცვლა გლობალური დათბობის გამო. ეს [მთის] რეგიონები განიხილება, როგორც ცხელი წერტილები, რომლებიც დაუცველნი არიან ექსტრემალური ნალექის მოვლენებისა და წყალდიდობის, მეწყრებისა და ნიადაგის ეროზიასთან დაკავშირებული საფრთხის მიმართ“, ნათქვამია კვლევაში.
„ეს რისკი უფრო მაღალია ჰიმალაის რეგიონში, სხვა მთიან რეგიონებთან შედარებით, როგორიცაა ალპები და კლდოვანი მთები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ეს იმიტომ, რომ [ჰიმალაიში] დათბობასთან დაკავშირებული დამატებითი პროცესები არსებობს, რომლებიც ცვლის ქარის ტიპს და ეს იწვევს ქარიშხლების ინტენსივობის ზრდას,’’ - განუცხადა BBC-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა მოჰამედ ომბადიმ.
ჰიმალაის მთებში, რომლებიც მოიცავს ინდოეთს, ბუტან-ნეპალსა და პაკისტანს, თითქმის არ არსებობს მეტეოროლოგიური სადგურები, რაც ხშირად ნალექების დონის შესახებ ზუსტი მონაცემების ნაკლებობას იწვევს. თუმცა, ევერესტის საბაზო ბანაკის მეტეოროლოგიურმა სადგურმა აჩვენა, რომ ამ წლის 1 ივნისიდან 10 აგვისტომდე მთაზე 245,5 მმ ნალექების 75% წვიმის სახით მოვიდა, დანარჩენი - თოვლის ან წვიმისა და თოვლის კომბინაციის სახით. მეცნიერთა მტკიცებით, ეს უზარმაზარი ნახტომია წვიმის 32%-დან, რომელიც 2022 წლის ივნისიდან სექტემბრამდე დაფიქსირდა, 43% - 2021 წელს და 41% - 2020 წელს.
„კლებადი თოვლი და ნალექის ზრდა ნიშნავს, რომ რეგიონში მდინარეების ბუნება შეიცვალა. მდინარეები, რომლებიც ოდესღაც მყინვარებით იკვებებოდა, ახლა წვიმის წყლებად გადაიქცა. ტემპერატურის მატებამ ჰიმალაის მყინვარების დნობა დააჩქარა. ეს მყინვარული ტბების სწრაფ შევსებას იწვევს, რომლებიც შემდეგ მიდრეკილი ხდება ჭარბტენიანობისა და წყალდიდობისკენ. მყინვარების შეთხელება ასევე ახდენს მთის ფერდობების დესტაბილიზაციას,“ - თქვა კუმაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეი ეს რავატმა.
მეცნიერების ვარაუდით, ჰიმალაის მთებში ტემპერატურის დათბობა სამჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს - და რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ეს რეგიონში ნალექების არსებით ზრდას გამოიწვევს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეკოლოგიურად მგრძნობიარე რეგიონში ინფრასტრუქტურის (როგორიცაა გზების, გვირაბებისა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები) ყოვლისმომცველი განვითარება, ასევე ამ კატასტროფებს იწვევს. ჰიმალაის მსგავსად, ისინიც სეისმურ ზონაში მდებარეობს და მიწისძვრებს განიცდის, რაც არსებულ სიტუაციას აუარესებს. გაზრდილი ნალექის გავლენა ინდოეთის საზღვარზეც ჩანს. ექსპერტების განცხადებით, ჰიმალაის რეგიონში კასკადური მოვლენები ასევე ხშირი და ინტენსიური ხდება.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-asia-india-66519698