ალკოჰოლზე უარის თქმა დეპრესიას იწვევს
ევროპელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ადამიანს გულის დაავადებების, ზოგიერთი ტიპის ინსულტისა და კიბოსგან იცავს.
ამასთან, ალკოჰოლზე მთლიანად უარის თქმა შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს და ტვინის მიერ ახალი ნეირონების გამომუშავების უნარი შეამციროს.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს. ექსპერიმენტის შედეგებმა დაადასტურა, რომ მღრღნელებს, რომლებსაც 28 დღის განმავლობაში ალკოჰოლს სისტემატიურად აძლევდნენ და შემდეგ შეუწყვიტეს, დეპრესია დაეწყოთ. დეპრესიის პირველი ნიშნები ალკოჰოლის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ გამოვლინდა.
როგორ უნდა მივხვდეთ იტანჯება თუ არა თაგვი დეპრესიით? ამის დასადგენად სპეციალისტებს საკუთარი მეთოდი აქვთ: თაგვს დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში წყლიან ჭურჭელში უშვებენ. მღრღნელები შესანიშნავი მოცურავეები არიან, თუმცა დეპრესიულ მდგომარეობაში უძრავად რჩებიან, რაც მათ დათრგუნულ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებაზე უარის თქმა იწვევს განწყობის გაუარესებას და დეპრესიასაც კი. ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ დათრგუნული მდგომარეობა უკავშირდება ნერვული ღეროვანი უჯრედების რაოდენობის შემცირებას (საიდანაც წარმოიქმნება ნეირონები) და ნერვის უჯრედების რაოდენობას ჰიპოკამპუსში. ეს პროცესები როგორც მღრღნელებში, ისე ადამიანებში შეინიშნება.
საბოლოოდ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა დეპრესიის განვითარებას აფერხებს და ტვინს ახალი უჯდრედების შექმნაში ეხმარება. ეს ოპტიმისტური დასკვნაა მათთვის, ვინც ალკოჰოლიზმით და დეპრესიით იტანჯება.