რა თანხა შევიდა ბიუჯეტში უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან?
2023 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 162%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 7 თვეში უბილეთო მგზავრებზე 2,430,282 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ივლისში - 927,654 ლარის.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 7 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 201,536 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 146,403 მლნ ლარი.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.