ტროპიკული ტყეების ფოთლები მალე ფოტოსინთეზირებას ვეღარ შეძლებენ - ახალი კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთ ამერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე ტერიტორიაზე არსებული ტროპიკული ტყეების ზოგიერთი ფოთოლი იმდენად ცხელდება, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ ფოტოსინთეზირებას, რაც მსოფლიოს ტყეებისთვის სახიფათო იქნება.
„ფოთლების ფოტოსინთეზის უნარი (პროცესი, რომლითაც ისინი ენერგიას ქმნიან ნახშირორჟანგიდან, მზის სინათლისგან და წყლისგან) შესუსტებას დაიწყებს, როდესაც მათი ტემპერატურა დაახლოებით 46,7 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს,“ - ნათქვამია აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრაზილიის მეცნიერთა ჯგუფის კვლევაში.
მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე [დედამიწიდან 400 კმ-ის დაშორებით] თერმული სატელიტური სენსორებისგან მიღებული ტემპერატურის მონაცემები გამოიყენეს. მათ ფოთლების დათბობის ექსპერიმენტები ჩაატარეს.
„საშუალო ტემპერატურის ნაცვლად, ფოთლების უკიდურესად გაცხელებას ველოდით. აღმოვაჩინეთ, რომ ხეების ვარჯების საშუალო ტემპერატურამ 34 ან 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამჟამად, ფოთლების 0,01% კრიტიკულ ტემპერატურულ ზღვარზეა, რომლის მიღმაც მათი ფოტოსინთეზის უნარი ირღვევა და პოტენციურად კვდება ფოთოლიც და ხეც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი მცირეა, ის გაიზრდება გლობალური დათბობის ფონზე და საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს ტროპიკულ ტყეებს, რომლებიც პლანეტის დაახლოებით 12%-ს მოიცავს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირბადის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს გლობალური კლიმატის რეგულირებას. ყველანაირი ნიშანი არსებობს, რომ მსოფლიოში ხის სხვადასხვა სახეობა მალე გაქრება,“ - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა კრისტოფერ დოუტიმ.
მოხსენების თანახმად, ტროპიკული ტყეები დამატებით გლობალურ დათბობას დაახლოებით 4 გრადუს ცელსიუსამდე უძლებენ, სანამ ისინი გარდამტეხ წერტილს მიაღწევენ ფოტოსინთეზის უნარის თვალსაზრისით.
ეს მაჩვენებლები შეიძლება მცირე ჩანდეს, თუმცა რისკი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გადამწყვეტია ტროპიკული ხეები სიცოცხლისთვის, კლიმატური სისტემისა და პლანეტისთვის.
„ადამიანები, ყველა ცოცხალი არსება, პირდაპირ ან ირიბად, დამოკიდებულია საკვების ფოტოსინთეზზე. დასკვნები მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის ამ სასიცოცხლო პროცესს, თუმცა ჩვენ უფრო შეშფოთებულნი ვართ ტროპიკულ ტყეებთან დაკავშირებით - იგულისხმება ტყეების განადგურება, ტყის ხანძრები და გვალვები. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმ ტემპერატურაზე, რომელიც უკვე ფოთლების წვას იწვევს“, - თქვა მკვლევარმა კევინ კოლინზმა.
წყარო: https://edition.cnn.com/2023/08/23/world/tropical-forest-heat-photosynthesis-climate-scn-intl/index.html