თეგებით ძიება

ქვეყანაში, რომელიც ჯარიმებით და ემიგრანტების გზავნილებით არსებობს, ჯარიმების გაზრდა ხელისუფლების მიზანია - ზვიად ტომარაძე

თბილისში საპარკინგე ადგილების მწვავე დეფიციტის გამო, მძღოლებს ზოგჯერ საკუთარი ავტომობილის ძებნა ან მასთან მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი ტელეფონზე სპეციალურ აპლიკაციასაც კი ტვირთავენ, რომელიც მათ ავტომობილის პოვნაში ეხმარება. თბილისელი მძღოლების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე TIA.GE-ს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე ესაუბრა.

- დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესი ყვავის, ქალაქში უამრავი ახალი კორპუსი აშენდა, მაგრამ რატომღაც ბოლოს აშენებულების გარდა, არც ერთ ახალ კორპუსს საპარკინგე სივრცე არა აქვს. ბუნებრივია, ეს ქუჩების პარალიზებას იწვევს და გამვლელი ტრანსპორტისთვის ადგილი აღარ რჩება. წესების დარღვევა და ჯარიმების გადახდა არავის სიამოვნებს, მაგრამ ხშირად მძღოლს სხვა გამოსავალი არ რჩება. იმის ნაცვლად, რომ საპარკინგე ადგილების მშენებლობაზე იზრუნონ, მერია სადაც თავისუფალ ადგილს ნახავს, კორპუსის მშენებლობას იწყებს. სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, არც საცობების პრობლემას ეშველება და არც გზებზე წესრიგი დამყარდება.

- მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ავტომობილებს მიგრანტების ტრანსპორტიც დაემატა...

- კი ბატონო. ზოგი თავისი ავტომობილით ჩამოვიდა, ზოგმა ავტომობილი აქ იყიდა და ზოგმა იქირავა. არ ვიცი, ეს ხალხი ერთი წლით ჩამოვიდა, ორით თუ სამუდამოდ, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ამ თავკომბალად ქცეულ თბილისის ნაწილად იქცნენ. კიდევ კარგად უძლებს კომუნისტების დროს გაყვანილი გზები ემიგრაციის ამხელა ტალღას და ზოგადად, ამ დატვირთვას. რა თქმა უნდა, ემიგრაცია ტვირთად  აწვება ჩვენს ქალაქს და საპარკინგედ თუ სამოძრაოდ კიდევ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. საპარკინგე ადგილების გაზრდისა და გზების მშენებლობის ნაცვლად კი ხელისუფლება ჯარიმებს ზრდის. ამით ბიუჯეტს ავსებენ იმიტომ, რომ ქვეყანა არაფერს აწარმოებს და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით და ჯარიმებით არსებობს, ამიტომ რაც მეტი ჯარიმა შევა, სახელმწიფოს უფრო აწყობს. სწორედ ამიტომ „თბილისი პარკინგის“ სახით  „სითი პარკზე“ უფრო მკაცრი დამსჯელი მოგვევლინა. ეს არის და ეს. 

- როგორც მახსოვს, პარკირების წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდა გააპროტესტეთ, თუმცა უშედეგოდ. მას მერე რამე შეიცვალა? 

- სამწუხაროდ, არაფერი. არავინ ამბობს, რომ სასჯელი საერთოდ არ იყოს, მაგრამ ჯარიმის ოდენობის გახუთმაგება ნამდვილად არაადეკვატური სასჯელია, ისევე, როგორც მანქანის საჯარიმო სადგომზე არასწორი გადაყვანა. არის შემთხვევები, როდესაც არასწორ ადგილზე გაჩერებული მანქანა ადამიანებს სახლისკენ მიმავალ გზას უკეტავს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გადასაყვანია, მაგრამ თუ ისეთ ადგილზე დგას, რომ მოძრაობას არ აფერხებს, არც „სითი პარკმა“ უნდა გადაიყვანოს და არც დღევანდელმა „თბილისი პარკინგმა“, იმიტომ, რომ ეს არაადეკვატური სასჯელია. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყველა მძღოლს აწუხებს, თეთრი საღებავით დახაზული ზოლებია, რომლებიც იმდენად გაცვდა, რომ აღარ ჩანს და ვარაუდით დავდივართ. სამაგიეროდ, თუ სადმე ვერ შევნიშნეთ და წესები დავარღვიეთ, ჩვენ ვიდეოკამერებში გადასარევად ვჩანვართ და ჯარიმა ოპერატიულად მოგვდის, თითქოს ეს ზოლები ჩვენი დასახაზია. აი, ასეთი პრობლემების გამოა, რომ  ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გართულდა და  ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი. ამ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. როდესაც ხელისუფლება ჯარიმის ოდენობას ახუთმაგებს, საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი აქვს და ასეთ მტკივნეული პრობლემებისთვის არ სცალია. სწორედ ამის შედეგია ის, რაც გვაქვს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა