არქეოლოგებმა 2000 წლის წინ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ უვნებლად შემონახული ოთახები იპოვეს
არქეოლოგებმა, Civita Giuliana-ში [რაიონი უძველესი ქალაქ პომპეის ჩრდილოეთით], უძველესი საძინებელი აღმოაჩინეს, სადაც „ოდესღაც მონებს ეძინათ“.
„ჩვენ ვირტუალურად თვალს ვადევნებთ ადამიანთა ჯგუფის ცხოვრებას, რომლებიც თითქმის არ ჩანან წერილობით წყაროებში“, - წერენ პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი გაბრიელ ზუხტრიგელი და ინგლისის შეფილდის უნივერსიტეტის არქეოლოგი კიარა ა.კორბინო.
ოთახის შიგნით არქეოლოგებმა, კარადებთან, ხელსაწყოებთან და კერამიკასთან ერთად, ორი საწოლი იპოვეს. ოთახი ოდნავ განსხვავდება 2021 წელს ვილაში აღმოჩენილი მსგავსი საკნისგან. აღსანიშნავია, რომ სამი საწოლიდან არცერთს არ ჰქონდა ლეიბი. ახლადაღმოჩენილ ოთახში პირველი საწოლი აგებულია ანალოგიურად, ხოლო მეორე საწოლი უფრო მაღალი ხარისხისაა და აქვს ლეიბი, შესაბამისად, ის უფრო კომფორტულად და ძვირადღირებულად ითვლებოდა. ამ განსხვავებების გამო, მკვლევარები ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში მონების „განსაზღვრული იერარქია“ არსებობდა.
„ასეთ მონებს ხშირად ანიჭებდნენ პრივილეგიებს, რათა ისინი ბატონის საიმედო მოკავშირეები გამხდარიყვნენ. აღნიშნულ ოთახებში არ არის ნაპოვნი ბორკილები, საკეტები ან რკინის როსტვერკები“, — ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენებაში ასევე დეტალურადაა აღწერილი პირველ საძინებელში რამდენიმე მღრღნელის ნაშთების აღმოჩენა, რაც ამ ოთახებში ჰიგიენური პირობების დაუცველობაზე მიუთითებს (ერთი ვირთხა, რომელიც თიხის ჭურჭელში იპოვეს, სავარაუდოდ „ვულკანური ამოფრქვევის დროს ცდილობდა გარეთ გამოსვლას“).
„როცა მღრღნელების ნაშთებით სავსე ოთახებს ვუყურებთ, ვაფასებთ, ყველაფრის მიუხედავად, თუ როგორ იბრძოდა აქ მცხოვრები ხალხი, მინიმალური ღირსებისა და კომფორტის შესანარჩუნებლად“, - წერენ მკვლევარები.
Civita Giuliana-ში არქეოლოგიური გათხრები 2017 წლიდან მიმდინარეობს. პომპეის ირგვლივ მდებარე ტერიტორიების უმეტესობის მსგავსად, 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს ეს ოთახები ვულკანური ნამსხვრევებით დაიფარა. ოთახებს შიგნით ნივთიერებების საბოლოოდ დაშლის შემდეგ, ნამსხვრევებში სიცარიელე დარჩა. ათასობით წლის შემდეგ, არქეოლოგები ამ ღრეჩოებს თაბაშირით ავსებენ, რათა ხელახლა შექმნან ავეჯი და საგნები.
„რას გვეუბნება ეს არაჩვეულებრივად შემონახული ოთახები მონების ცხოვრების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ წერილობით და არქეოლოგიურ წყაროებში...? ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემას მხოლოდ გათხრების დასრულების შემდეგ შევძლებთ,“ - წერენ მკვლევარები.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/enslaved-individuals-slept-in-this-bedroom-untouched-since-mount-vesuvius-eruption-180982794/