„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და ძვირფასეულობებზე. ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა. საბედნიეროდ, ის ყველასთვის ანათებს“ - ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვილს
„შეხედე ხალხს! შეხედე ქვრივ-ობლებს! დღეში ერთხელ მაინც უთხარი საკუთარ თავს: „მეც მათნაირი ვარ“. დიახ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, გოგონავ! მეტიც, ხელოვნება, სანამ ადამიანს ფრთებს მისცემს, რათა მან მაღლა ფრენა შეძლოს, ჩვეულებრივ, ფეხებს ამტვრევს. თუ დადგება დღე, როცა თავს მაყურებელზე მაღლა იგრძნობ, მაშინვე დატოვე სცენა. პირველივე ტაქსით პარიზის გარეუბანში წადი. მე იქაურობას ძალიან კარგად ვიცნობ! იქ შენნაირ ბევრ მოცეკვავეს ნახავ, კიდევ უფრო ლამაზს, უფრო მოხდენილს, მეტი სიამაყით.
შენი თეატრის პროჟექტორების კაშკაშა შუქი იქ საერთოდ არ იქნება. მათთვის პროჟექტორი მთვარის შუქია. კარგად დააკვირდი, კარგად დააკვირდი! შენზე უკეთ ცეკვავენ? აღიარე, ჩემო გოგო! ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც შენზე უკეთ იცეკვებს, შენზე უკეთ ითამაშებს! და დაიმახსოვრე: ჩარლის ოჯახში არ არსებობდა ისეთი უხეში ადამიანი, რომელიც გალანძღავდა მეჯინიბეს ან დასცინებდა სენის ნაპირზე მჯდომ მათხოვარს.
მე მოვკვდები, შენ კი იცოცხლებ. მინდა, არ იცოდე სიღარიბე. ამ წერილით გიგზავნი ჩეკ-წიგნაკს, რომ დახარჯოთ რამდენიც გინდათ. მაგრამ როდესაც დახარჯავ ორ ფრანკს, არ დაგავიწყდეს შეახსენო საკუთარ თავს, რომ მესამე მონეტა შენი არ არის. ის უნდა ეკუთვნოდეს უცხო ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. ასეთს შენ მარტივად იპოვი. ამ უცნობ გაჭირვებულ ადამიანთა ნახვა მხოლოდ უნდა გინდოდეს და მათ ყველგან შეხვდები.
მე გელაპარაკები ფულზე, რადგან ვიცი მათი ეშმაკური ძალა. დიდი დრო გავატარე ცირკში. მე ყოველთვის ძალიან ვღელავდი ბაგირზე მოსიარულეებზე. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ადამიანი მყარ მიწაზე უფრო ხშირად ეცემა, ვიდრე ბაგირზე მოსიარულეები არასაიმედო თოკიდან. შესაძლოა, ერთ-ერთ წვეულებაზე რომელიმე ბრილიანტის ბრწყინვალებით დაბრმავდე. ის მაშინვე შენი სახიფათო თოკი გახდება, დაცემა კი გარდაუვალია. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე პრინცის ლამაზმა სახემ გაგიტაცოს. იმავე დღეს გახდები გამოუცდელი ბაგირზე მოსიარულე, გამოუცდელი კი ყოველთვის ეცემა. ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და ძვირფასეულობებზე. იცოდე, რომ ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა. საბედნიეროდ, ის ყველასთვის ანათებს“, – წერდა ჩარლი ჩაპლინი საკუთარ ქალიშვილს.