რატომ არის საშიში მანქანით მგზავრობის დროს ფანჯრების გაღება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებისგან, ხოლო 10 ადამიანიდან 9 ცხოვრობს გაზრდილი დაბინძურების პირობებში.
მკვლევართა დიდმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ Surrey's Global Centre for Clean Air Research (GCARE) მეცნიერები, Science of the Total Environment Journal-ში გამოაქვეყნა ჰაერის დაბინძურების დონის გავლენის ანალიზის შედეგები მანქანების მგზავრებზე მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქალაქში. ესენია დაკა (ბანგლადეში), ჩენაი (ინდოეთი), გუანჯოუ (ჩინეთი), მედელინი (კოლუმბია), სან პაულო (ბრაზილია), კაირო (ეგვიპტე), სულაიმანია (ერაყი), ადის-აბება (ეთიოპია), ბლანტირი (მალავი) და დარ ეს სალაამი (ტანზანია).
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა PM2.5 და PM10 ნაწილაკების ზემოქმედების დონე მანქანების შიგნით პიკის საათებში დილა-საღამოს და შუა დღის განმავლობაში, როდესაც არ არის პიკის საათი.
PM2.5 და PM10 არის წვრილი ნაწილაკები 10 μm ან ნაკლები ზომის (შედარებისთვის, ადამიანის თმა 100 μm სისქეა), რომლებიც ქმნიან მტვრის უმეტეს ნაწილს და ღრმად შედიან ფილტვებში, განსხვავებით უფრო დიდი ნაწილაკებისგან, რომლებიც ცხვირში ჩერდებიან. ამავდროულად, PM2.5 იმდენად მცირეა, რომ მას შეუძლია შეაღწიოს უჯრედის მემბრანებშიც კი, რაც სერიოზულად არღვევს უჯრედების სასიცოცხლო პროცესებს.
მეცნიერებმა გაზომეს, თუ როგორ იცვლება ასეთი ნაწილაკების ზემოქმედების დონე, როდესაც მძღოლები იყენებენ კონდიცირების სისტემებს და მაშინ, როდესაც ისინი უბრალოდ ხსნიან ფანჯრებს.
სხვადასხვა პირობების მიუხედავად, დამაბინძურებელი ნაწილაკების მაქსიმალური ზემოქმედება დაფიქსირდა ღია ფანჯრებით მგზავრობისას, შემდეგ მოდიოდა ვენტილატორი და რეცირკულაციის სისტემა. ამავდროულად, ღარიბ ქალაქებში დაბინძურების გავლენა მგზავრებზე უფრო მაღალია: მანქანები ნაკლებადაა აღჭურვილი კონდიცირების სისტემებით. საერთო ჯამში, განსხვავება ნაწილაკების ყველაზე მაღალ და დაბალ ზემოქმედებას შორის იყო დაახლოებით 80%.
სურეის უნივერსიტეტის GCARE-ს დირექტორმა, პროფესორმა პრაშანტ კუმარმა განაცხადა:
„ჩვენ უნდა შევამციროთ მანქანების რაოდენობა გზებზე, ან შევცვალოთ ისინი ეკოლოგიური ტრანსპორტით, რათა შევამციროთ ჰაერის დაბინძურების გავლენა. ამის მიღწევა ამჟამად ძნელია, მაგრამ ჩვენი მონაცემები მიუთითებს ასეთი ზომების გადაუდებელ აუცილებლობაზე“.
სანამ ტრაფიკის დონე მუდმივად მაღალია, მეცნიერები გვირჩევენ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაგალითად, თავი ავარიდოთ მგზავრობას პიკის საათებში.
წყარო: მკურნალი.გე