თეგებით ძიება

დღეს, 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა გამოვხატოთ ძალიან მკაცრი პროტესტი - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გაცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის შეცვლაზე.  მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების შეცვლა 24 საათში არ ხდება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს 5 საათზე აქცია გაიმართება ეროვნულ ბანკთან.

"ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება მიზანმიმართულად, უკვე წლების განმავლობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი, წლების განმავლობაში აშენებული რუდუნებით, გამჭვირვალობით და საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული საქართველოს საბანკო სისტემა გუშინ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ქალბატონმა თურნავამ მიიღო და ეროვნული ბანკის საბჭომ, პრაქტიკულად, რუსული პოლიტიკის, FSB-ს ჯაშუშის "გაპრავება" და თავდაცვა გადაწყვიტეს.

გადაწყვიტეს იმისათვის, რომ ხელი დააფარონ დანაშაულებრივ ქმედება, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვენი ქვეყნის და უსაფრთხოების წინააღმდეგ. იგი მოექცა საერთაშორისო და აშშ-ის სანქციებში და მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონის წინაშე, რომლის შესახებაც არ მოგვისმენია არანაირი კონკრეტული განმარტება.

ქალბატონი თურნავა ამ გადაწყვეტილებით ასრულებს ივანიშვილის, შესაბამისად რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და ძალიან დიდი საფრთხე იმისათვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები. ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემას საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს არ დაუწესებენ, მაგრამ ეს საფრთხე გააჩინა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ.

მოვითხოვ, ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუ რა ზემოქმედება იქნა  მოხდენილი, ორი დღის განმავლობაში - ჯერ ერთი მიღებული გადაწყვეტილება სანქციებთან შეერთებასთან და 24 საათში გაუქმებასთან დაკავშირებით, ასე არ ხდება, 24 სთ-ში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება.

ჩვენ გვაინტერესებს დეტალები და ამ დეტალების განმარტება უნდა მოახდინოს ეროვნულმა საბჭომ. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს 5 საათზე ვიკრიბებით ეროვნულ ბანკთან, რათა ძალიან მკაცრი პროტესტი გამოვხატოთ იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით. დღეს არ არის იმის დრო, ვის სად დგას, ვინ ვისთან დგას და ა.შ. სურათი არის ნათელი - არის პრორუსული ძალა საქართველოში რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ ბელარუსისკენ, ჩრდ კორეისკენ და უნდათ, რომ ამ მდგომარეობაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა, და არის მეორე ძალა, უმეტესობა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცივილური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს", - თქვა ხაზარაძემ.

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა