ჯანდაცვის კომიტეტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც კანონპროექტებში მათი პირველი მოსმენით განხილვის შედეგად აისახა.
„სპეციალისტთა შეფასებით, იმის გამო, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ მოქმედი კანონი ვეღარ პასუხობს ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში არსებულ გამოწვევებს, საჭირო გახდა ახალი კანონმდებლობის შემუშავება.
ახალი საკანონმდებლო აქტი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს ამ სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას და იგი ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტთან იქნება შესაბამისობაში, რომლის ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.