სად გაივლის თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთი? - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2 მონაკვეთი, ფონიჭალა) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებულია:
საქმიანობა განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებებისა და რეკომენდაციების დაცვით;
წინასწარ შეიმუშაოს და სააგენტოს შეუთანხმოს ნარჩენების მართვის გეგმა და იმოქმედოს გეგმის გათვალისწინებით;
სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ფუჭი ქანების სანაყაროსა და (საჭიროების შემთხვევაში) სამშენებლო ბანაკის პროექტები;
კომუნიკაციების გადატანა უზრუნველყოს კომუნიკაციების მესაკუთრეებთან შეთანხმებით. უზრუნველყოს პროექტის გავლენის ზონაში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან შეთანხმება;
აწარმოოს გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პრევენციული ზომები და ა.შ.
სად გაივლის თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მეორე მონაკვეთი?
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ორი (პირველი და მესამე) მონაკვეთის მოდერნიზაცია დასრულებულია, ხოლო ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით გათვალისწინებულია დარჩენილი მონაკვეთის (ფონიჭალა) პროექტში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარიანი 3.6 კმ სიგრძის მქონე ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის საპროექტო სიჩქარეა 80 კმ/სთ, სრული სიგანე სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლის, გვერდულების და გზისპირების ჩათვლით 25.5 მ, ხოლო უშუალოდ სავალი ნაწილის სიგანე 14 მ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 2 ორდონიანი კვანძის, 7 ხიდის და ნაპირსამაგრის მოწყობა. საპროექტო გზის სავალი ნაწილის კიდიდან დაშორების მანძილი უახლოეს შენობამდე შეადგენს 16 მეტრს, უახლოესი სკოლა არსებული გზის ვაკისიდან დაშორებულია დაახლოებით 28 მეტრით, ხოლო უახლოესი საბავშვო ბაღი 305 მეტრით.
„გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილებით დაგეგმილი საქმიანობის ალტერნატიული ვარიანტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის განხილულია საავტომობილო გზის ადგილმდებარეობის და უმოქმედობის (ნულოვანი) ალტერნატივები. გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია გზის ადგილმდებარეობის 8 ალტერნატიული ვარიანტის ურთიერთშედარების შესახებ.
გარემოსდაცვითი, ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ურთიერთშედარების საფუძველზე, უპირატესობა მიენიჭა 1.0 ალტერნატივას (ალტერნატივა მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დაკავშირების საშუალებას იძლევა).
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საპროექტო გზის დერეფანი იწყება რკინიგზის ხიდის მახლობლად, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ხიდით გადადის მდინარის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც მონაკვეთი გადის მდინარის გასწვრივ, დასახლებულ ზონას და მდინარეს შორის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ თანხმობის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროექტო გზა კვეთს მდ. მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს, სადაც იგეგმება სახიდე გადასასვლელის მოწყობა. გარდაბნის გზატკეცილთან დამაკავშირებელი საპროექტო N1 კვანძის (საპროექტო გზის კმ 6+610-სა და კმ 6+970-ს შორის) შემდეგ, გზა ოთხმალიანი ხიდით დაუბრუნდება მარჯვენა სანაპიროს, გადის საწარმოო და დასახლებულ ზონას, სადაც ასევე ეწყობა სახიდე გადასასვლელი. საპროექტო გზა მეორე საპროექტო N2 კვანძის (საპროექტო გზის კმ 8+280-სა და კმ 8+370- ს შორის) შემდეგ უერთდება თბილისი-წითელი ხიდის არსებულ საავტომობილო გზას, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე.
გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, გათვალისწინებულია ორი ტიპის (კოჭოვანი და ჩარჩოვანი) 7 სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომელთაგან ორი მდ. მტკვარზე მოეწყობა, ერთი ადგილობრივ გზაზე, ერთი მდ. ორხევის მარცხენა შენაკადზე და სამი კვანძის შემადგენლობაში გზაგამტარს წარმოადგენს.
ანგარიშის მიხედვით, ხიდები ფონიჭალის საგზაო მონაკვეთზე წარმოადგენს 4-სავალზოლიან სტანდარტულ სექციებს და ჰიდროიზოლაციისთვის გამოყენებული იქნება არმატურის ბადით დაცული წყალგაუმტარი ფენა. ჰიდროგეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ყველა ხიდისთვის, ყველა ჭრილში, საჭირო იქნება ღრმა ფუნდამენტის მოწყობა 1000 მმ ნატენი ხიმინჯებით.
ხიდებზე ასევე მოეწყობა ტროტუარი, რომლის სიგანე ხიდის მოაჯირიდან სავალ ნაწილამდე იქნება 1.5 მეტრი.
გარდა ამისა, საპროექტო დერეფნის სიახლოვეს მდებარეობს სარკინიგზო ხაზები. გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, მონაკვეთების გადატანის სამუშაოები შესრულდება კომუნიკაციების მესაკუთრეებთან შეთანხმებით, საპროექტო საავტომობილო გზის ბუფერის საზღვრებში.
ანგარიშის მიხედვით, საპროექტო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 3 წლის განმავლობაში (დამატებით 24 თვე - დეფექტების გამოსწორებისთვის) და მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იქნება დაახლოებით 100 ადამიანი.
„საპროექტო ზონაში, მდინარე მტკვრის პირველი კვეთის ზონაში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს სასაფლაო და წმ. ბარბარეს ეკლესია, რომელიც საპროექტო გზიდან დაშორებულია 166 მეტრით. ანგარიშის მიხედვით, დერეფანი არ კვეთს ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალს, თუმცა გადის მისი ვიზუალური დაცვის ზონაში. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები იწარმოებს ძეგლიდან 178 მეტრის დაშორებით და პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელი არ არის ეკლესიის ზონაში არსებულ მცენარეულ საფარზე ზემოქმედება, რაც ბუნებრივ ვიზუალურ ბარიერს ქმნის.
გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საპროექტო გზის ზემოქმედების ქვეშ ექცევა კერძო (214), სახელმწიფო (72) და მუნიციპალიტეტის (17) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, განსახლების პროცესი დამოუკიდებელი პროცედურის სახით განხორციელდება“, - აღნიშნულია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.