თეგებით ძიება

ჩვენ ახლა პროცესის შუაგულში ვართ, პროცესის ბოლოს ქალაქის ქუჩებში გადაადგილება გაცილებით გაიოლდება - შალვა ოგბაიძე

თბილისში საცობების თემა კვლავ აქტუალურია. მეტიც, საცობი თბილისელების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სადაც  ადამიანები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. ზოგი ავტომობილების მწკრივში საათობით დგომას იმდენად შეეგუა, რომ ჩანთით წიგნები, საქსოვი ან საქარგი დააქვს და დროის სასარგებლოდ გატარება ცდილობს. 

როდის დასრულდება „საცობების ეპოქა“ დედაქალაქში და რას აკეთებს მერია, რომ თბილისელების ცხოვრება ცოტა უფრო კომფორტული გახადოს? ამ კითხვებით TIA.GE-მ  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების  საკითხებში ექსპერტს და საკრებულოს დეპუტატს შალვა ოგბაიძეს მიმართა.

 

-დავიწყოთ იმით, რომ ქალაქში ავტომობილების ძალიან დიდი რაოდენობაა და ეს არის ობიექტური ფაქტორი, რომელსაც ვერ გავექცევით. პიკის საათებში დედაქალაქში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

- თუ ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემომავალი ავტომობილების გრძელ რიგს გავიხსენებთ, ამ 600 000-დან მიგრატების წილიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს...

- შარშან, წლის დასაწყისში მიგრანტების ტალღა მართლაც დიდი იყო, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დაახლოებით 70%-მა საქართველო ტრანზიტულ ქვეყანად გამოიყენა და ტერიტორია დატოვა. 

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო სფეროს რეფორმირების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, განსაკუთრებით ყურადსაღებია დიდი ქუჩების და პროსპექტების ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გზის საფარის შედარებით მარტივად შეცვლის გარდა მიწისქვეშ რამდენიმე ათწლეულის წინ ჩალაგებული ამორტიზებული კომუნიკაციების სრულად შესაცვლელ  მასშტაბური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობასაც  გულისხმობს. გარდა ამისა დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების პარკი განუხრელად იზრდება, ავტომობილი, მით უმეტეს, მეორადი, ყველასთვის  ხელმისაწვდომი გახდა, ამიტომ ჩარევა საჭიროა. 

- ჩარევაში რას გულისხმობთ?

- 2017 წლის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირ დაგვიკვეთეს მერიის სამოქმედო პროგრამა, რომელიც 7 სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. აქედან პირველი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოიცავს. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განადგურებული ავტოპარკი დაგვხვდა. ამჟამად ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად შეცვლილია და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც სპეციალურად გამოყოფილ ხაზებში, ე.წ. სატრანსპორტ დერეფნებში ივლის, დამზადების პროცესშია. შესრულებულია დაპირება, რომ მიკროავტობუსის საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში ჩაერთვებოდა. ამას დაუმატეთ მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია, რამაც ლოდინის დრო და მომლოდინე მგზავრთა რაოდენობა შეამცირა, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ პიკის საათებში ლოდინის დრო 2 წუთამდე ჩამოვიდეს. გარდა ამისა, მეტროპოლიტენში დაიწყო მეტოს შესასვლელების და ე.წ. ტურნიკეტების შეცვლა და რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ იმ მეტროპოლიტენებს, რომლებსაც პროექტით სათადარიგო ამოსასვლელი გათვალისწინებული ჰქონდათ, ეს ამოსასვლელიც გავუხსნათ. ამას დავუმატოთ ტაქსების რეფორმა. გემახსოვრებათ, როგორი ქაოსი იყო ამ სფეროში. ახლა სისტემა მოწესრიგდა. გვაქვს 3000-ზე ოდავ მეტი A კატეგორიიის, თეთრი ტაქსი, რომელიც ბასლაინებზე მოძრაობს,  B კატეგორიის ტაქსები, რომლებიც ლიცენზიას იღებენ და გამოძახებაზე მუშაობენ. გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების რეფორმა. ეს ტრანსპორტი საქართველოში ნულოვანი აქციზით იბეგრება ანუ განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებულია. ელქტრომობილებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ასევე ზონალური პარკირება უფასოა. თუ ელექტრომობილით ვინმე გადაწყვეტს სატაქსომოტორო სფეროში ძალების მოსინჯვას, ლიცენზიის გადასახადისგან გათავისუფლდება და ა.შ.

არც ისე დიდი ხნის წინ თბილისი ავტომობილების ქალაქი იყო, ახლა კი მას ნამდვილ სტატუსს ვუბრუნებთ, როგორც თანამედროვე ევროპულ ქალაქს შეეფერება. ის ჭკვიანი ანუ სმარტ ქალაქი გახდება, სადაც მთავარი ფეხით მოსიარულე ადამიანი და მისი გადაადგილებაა. გადახედეთ, რამდენი ტროტუარი დავიბრუნეთ და მოვაწესრიგეთ, აღარაფერს ვამბობ ველობილიკებზე და ე.წ სქროლებზე, რომლითაც ახალგაზრდობა დაქრის. ახლა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ნაკადი, რომელიც წერეთლის გამზირზე გადაადგილდებოდა, სხვა მარშრუტებს ტვირთავს, რომელიც ამ ნაკადისთვის არ არის გათვლილი. მალე გაიხსნება რეაბილიტირებული უნივერსიტეტის ქუჩა, სულ მალე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებული საავტომობილი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა დასრულდება. ეს ყველაფერი მოძრაობის სწორ ორგანიზაციას, ჭკვიან შუქნიშნებსა და ხელით მართვიდან ავტომატიზებულ მართვაზე გადასვლასთან ერთად მოწესრიგებულ მოძრაობას მოგვცემს. უბრალოდ,  ჩვენ ახლა პროცესის შუაგულში ვართ.. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და აუცილებლად დავძლევთ.

- მძღოლებს თუ დავუჯერებთ, საგზაო საცობების გაჩენას არასწორი პაკირებები და ქაოსური მშენებლობების შედეგად შევიწროვებული გზებიც იწვევს. 

- ზოგადად, წინა წლების მემკვიდრეობაზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა საკრებულოს ამ შემადგენლობის მუშაობას ხშირად შეცდომების გასწორების პერიოდს ვეძახი. დიახ, ჩვენ ხშირად გვიწევს შეცდომების გასწორება და ზოგის გამოსწორება სამწუხაროდ, შეუძლებელია. მაგალითად, სპორტის სასახლის გარშემო არსებული ურბანული ვანდალიზმის ან სასტუმრო „აჭარის“ წინ გაყიდული მოედანის გახსენებაც კმარა. ქალაქები ფულს იხდიან, რომ ასეთი სატრანსპორტო ბუფერული სივრცეები დაიბრუნონ და  ჩვენც გვიხდება გადასახადის გადამხდელების თანხის გამოყენება იმისთვის, რომ ასეთ ადგილებში გაყიდული მიწა გამოვისყიდოთ ან ადგილი მოვუნაცვლოთ. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლება არაა, რომ ვიღაც ღამე დაიბაროს და სახელმწიფოსათვის ქონება „ნებყოფლობით ჩააბარებინოს“. ვინც არ უნდა იყოს, ვცდილობთ მის კერძო საკუთრებას  ადგილი მოვუნაცვლოთ თუ ეს ქალაქის ინტერესებს შეესაბამება. რას ვიზამთ, ასეთი მემკვიდრეობა გვერგო და ვცდილობთ ამა თუ იმ მშენებლობის თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში რაც შეიძლება ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ. 

- საცობების თემას დავუბრუნდეთ. ბევრ ქვეყანაში მოძრაობის განსატვირთად კენტი და ლუწი ნომრების მქონე ავტომობილების მორიგეობით მოძრაობის პრაქტიკა შემოიღეს. ამაზე რას ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთი გამოცდილების შესახებ ცნობილია, მაგრამ როგორც ავტომობილისტი, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ასეთ დაყოფის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ჯერ ერთი, ორი ავტომობილი ბევრ ოჯახს აქვს და ვისაც არ აქვს შეიძენს, რომ ხან კენტნომრიანით  და ხან ლუწნომრიანით იმოძრაოს. მიმაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრა ეს კი არა, დაწყებული სატრანსპორტ პოლიტიკის ბოლომდე მიყვანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, რომ  ჩემისთანა, ძველი თაობის ადამიანი კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს. ერთხელ თავშესაქცევი ექსპერიმენტიც კი ჩავატარეთ  - დავთქვით ადგილი, სადაც ერთ-ერთი გადაცემის ჟურნალისტი ავტომობილით, მე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავედი და მე მისვლა მივასწარი. ევროპაში ხშირად დავდივართ და ბევრი დამეთანხმება, რომ მაგალითად, ბერლინში საჭესთან დაჯდომის სურვილი არც მოგივა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეა განვითარებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნავიგაცია - სად გადაჯდე, ოპტიმალური მარშრუტი როგორ შეადგინო და ა.შ. სწორედ ეს არის ევროპული გამოცდილება. 100 ავტომობილს ერთი 12 მეტრიანი ავტობუსი ანაცვლებს და 100 ავტომობილი სიგრძეში რომ დავალაგოთ, ეს ნაკადი მთელი რუსთაველის გამზირზე გაიშლება. პროცესიც დაწყებულია და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება, ესეც შემიძლიათ გითხრათ. 

- საუბრის ბოლოს ელექტროტრანსპორტზეც გკითხავთ, რომელიც თავის დროზე ჩვენს ქალაქს უსამართლოდ წაართვეს. გვახსოვს მერიიდან ტრამვაის აღდგენაზე გაცემული დაპირებები, თუმცა სპეციალისტები მაშინვე ამბობდნენ, რომ პროექტის სიძვირის გამო, მისი განხორციელება შეუძლებელია. უკვე სივრცეებს, რომლებშიც ადრე ტრამვაი მოძრაობდა, სხვა დატვირთვა მიეცა და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თბილისი ტრამვაის სამუდამოდ დაემშვიდობა?

- რა თქმა უნდა, თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეული ტრამვაის ეშხი და სილამაზე სხვა იყო, მაგრამ არც გამოყოფილ ზოლზე მოძრავი ელექტრო ავტობუსია ურიგო.  ისიც ეკოლოგიურად სუფთაა და ტრამვაის მსგავსად,  გამოყოფილ ხაზზე მოძრაობს. ეს ისე არ გაიგოთ, რომ ვინმემ ტრამვაის აღდგენაზე ხელი ჩაიქნია და ამაზე მსჯელობა არ მიდის, თუმცა სანამ ტრამვაის ხაზზე ვისაუბრებთ, იქამდე დასასრულებელია რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და მერწმუნეთ, ამის შემდეგ ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში გადადგილება გაცილებით გაიოლდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა