"ფეხმძიმობის შესახებ 8 თვე არ ვიცოდი, ბავშვილი ტუალეტის ორმოში შემთხვევით ჩამივარდა" - რას ამბობს 30 წლის ქალი, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული?
„კურიერმა" მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა და ქალმა ამის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გაიგო.
ადვოკატის ამ ვერსიას ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. დაკითხვის ოქმში ქალი აღიარებს, რომ ოჯახის წევრებს ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას უმალავდა.
„ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე გადავწყვიტე, არც ჩემი მეუღლისთვის და არც ოჯახის სხვა წევრებისთვის არაფერი მეთქვა, რადგან უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. მესამე, ჯერ ერთი წლისაც არ იყო და კიდევ მეოთხე შვილს ველოდებოდი... ორსულობის დროს, არც მუცელი მეტყობოდა და შესაბამისად ეჭვიც არავის გასჩენია“, - წერია ქალის ჩვენებაში.
ამავე ჩვენებაში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის საკუთარ ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ ნაყოფი გარდაცვლილი დაიბადა, ორმოში კი, შემთხვევით ჩავარდა.
„დაახლოებით ღამის პირველ საათზე მუცლის ტკივილმა შემაწუხა. ავდექი და ჩავედი საპირფარეშოში მარტო. არ მიფიქრია, რომ სამშობიარო ტკივილი მქონდა, რადგან მანამდე სამი შვილი გავაჩინე და ვიცი, რა არის სამშობიარო ტკივილი. როდესაც შევედი საპირფარეშოში შევამჩნიე, რომ ჩამოვარდა წითელი და ლურჯი ფერის ნაყოფი. ის საპირფარეშოზე მუცლით დაეცა და ნაპირიდან შიგნით ჩასრიალდა. ვინაიდან ნაყოფი არ მოძრაობდა მივხვდი, რომ მკვდარი იყო“, - წერია ჩვენებაში.
ბრალდებული სასამართლოში ამ ჩვენების შეცვლას გეგმავს. დაცვის მხარის ამჟამინდელი ვერსიით, ქალმა მისი ფეხმძიმობის და ნაყოფის დაბადების შესახებ მხოლოდ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეიტყო. სწორედ სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში. ქალის ოჯახში მის ბრალეულობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალშობილის გარდაცვალება მხოლოდ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
ახალგაზრდა ქალს ბრალი დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მომავალ სხდომაზე მხარეები თავად ბრალდებულის ჩვენებას მოისმენენ. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ოქტომბერში გამოაცხადებს.