გავიგეთ, რომ დაკარგული იყო, სამშაბათიდან ვეძებდით, თვითონაც ეძებდა - ახლობლები ბიჭზე, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა (ვიდეო)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში 28 წლის შვილმა, სანდრო ინაურმა 67 წლის მამა, უშანგი ინაური მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცს სასიკვდილო დაზიანება სანადირო თოფით, თავის არეში მიაყენეს. კვალის დაფარვის მიზნით შვილმა მამის ცხედარი თბილისში, კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.
შემთხვევა სამშაბათს მოხდა, გაუჩინარებულ კაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამ დრომდე ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებაში სავარაუდო მკვლელიც იყო ჩართული, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ცხედარი ავჭალაში აგარაკზე გადამალა.
"ჩემი ბიძაა, მამის ძმა, გავიგე რომ დაიკარგა ბიძაჩემი და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებთ. გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალის აგარაკზე. სამშაბათს საღამოდან ვეძებთ უკვე. სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათ არაფერი", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
დაკავებული გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.