მურმან ჯინორიასა და ლეო ანთაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მურმან ჯინორია, ასევე ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი ლეო ანთაძე თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდნენ. ჯილდო მათ თბილისის მერმა "თბილისობის" მთავარ ღონისძიებაზე გადასცა.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო. ორი წლის წინ რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს და დღეს თბილისის, ძალიან ბედნიერი ვარ. გილოცავთ ყველას "თბილისობას" - აღნიშნა ლეო ანთაძემ.
"არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად ვარ გახარებული. მოულოდნელია ჩემთვის. ბატონო კახი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამდენი რამ გამაკეთებინა ამ 50 წლის განმავლობაში. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ გვერდში მიდგას, მადლობა ჩემს ძვირფას მაყურებელს, თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა" - აღნიშნა მურმან ჯინორიამ.