თეგებით ძიება
01. 10. 2023 პერსონა

მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ბავშვებს მოეწონებოდათ თუ არა - ვინ არის კაცი, რომელმაც თოჯინების თეატრი მოხატა?

ადგილი, სადაც ფეხი აიდგა და საქმე, რომელშიც სული ჩადო - მალხაზ სულაბერიძის ცხოვრებაში თეატრს და მხატვრობას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა და დღესაც, მისი ოცნება თეატრსა და მხატვრობას უკავშირდება. ვინ არის კაცი, რომელმაც თოჯინების თეატრი მოხატა? TEA.GE-ს თავად მალხაზ სულაბერიძე ესაუბრა:

- ხატვა ადრეულ წლებში დავიწყე. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ჩემივე, 24-ე სკოლაში შედგა. 1992 წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის განხრით ჩავირიცხე. ამის შემდეგ სწავლა კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასობრივი სანახაობის, მხატვარ სცენოგრაფის განხრით ჩავაბარე და 2000 წელს დავამთავრე.

- თქვენი გამოფენების შესახებ გვიამბეთ.

- 1997 წელს გაიმართა ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა გალერეა „ათინათში“. ამას მოჰყვა 2004 წლის, 2007 წლის, 2014 წლის, 2017 წლის გამოფენები. 2021-2022 წლებში თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მოვხატე.

- როგორ გაჩნდა თეატრის მოხატვის იდეა და რამდენი ხანი დაგჭირდათ სამუშაოს დასრულებისთვის?

- თოჯინების თეატრში სცენის მემანქანედ ვმუშაობდი და ძირითადი საქმიანობის პარალელურად, თეატრის კედლების მოხატვა შემომთავაზეს. სამუშაოში, რომლის დასრულებას სამ თვეზე მეტი დასჭირდა, მთელი გული და სული ჩავდე. მუშაობის დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ბავშვებს მოეწონებოდათ თუ არა. დღეს ვხედავ, რომ ბავშვებს ჩემი ნამუშევარი მოსწონთ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. 

თეატრის კედლებზე გამოსახულია აბსტრაცია, რომელიც ესკიზების გარეშე, ექსპრომტად მაქვს გაკეთებული. ჩემს ნაშრომში ანაზღაურება არ გადაუხდიათ, ასე, რომ უანგაროდ ვიმუშავე, თუმცა ის უფრო საწყენი იყო, რომ ჩემი პრეზენტაციაზე დაპატიჟებაც არ ჩათვალეს საჭიროდ. ვფიქრობ ასეთ დროს შეიძლება მხატვარი სიმბოლური თანხით ან უბრალოდ, ყურადღებით გაახარო და მისი შრომა დააფასო. ამიტომ ვარ გულდაწყვეტილი, თორემ სხვა მხრივ, ყველა გვერდით მედგა და ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა. 

- რომელი მასალით ხატავთ და როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო, რომელიც ხატვას მოგანდომებთ?

- ზეთის საღებავები აკრილი, გუაში, ტუში... ნებისმიერი მასალა შეიძლება გამოვიყენო. ხატვა კი სულ მინდა. მთავარია, სიმშვიდე და მუსიკა იყოს.. 

- როგორ მუსიკას უსმენთ? 

- ნებისმიერს. გააჩნია როგორ ნამუშევარს ვაკეთებ და რა განწყობაზე ვარ. მაგალითად, ახლა რასაც ვხატავ, შეიძლება Led Zeppelin-ის მოსმენაც მომანდომოს და ჰამლეტ გონაშვილისაც. ყველაფერი შემოქმედებით განწყობაზეა დამოკიდებული. 

- ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი საქმიანობის  მიმართ?

- ჩემი მეუღლეც ხელოვანია - თექის ოსტატი გახლავთ და ძალიან ბევრ ფესტივალში მონაწილეობს. თექით აქვს გაკეთებული საქართველოს რუკა და კიდევ ბევრი საინტერესო ნამუშევარი. მეუღლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ, ამის გარეშე გამიჭირდებოდა. 

- საკუთარი ნამუშევარი თუ გაგიყიდიათ ან გაგიჩუქებიათ?

- რა თქმა უნდა. მხატვარმა თავისი ნამუშევარი უნდა გაყიდოს. ეს არის მისი ცხოვრება და პროფესია. ნახატები ხალხში უნდა იყოს. ასე, რომ ჩემი ნამუშევრები კერძო კოლექციებში ინახება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

- რა არის ის, რაც თქვენს შემოქმედებას სხვებისგან გამოარჩევს?

- მე ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ და და რამდენად გამომდის, მნახველმა უნდა შეაფასოს. 

- შეგიძლიათ ნახატიდან მხატვრის განწყობა იგრძნოთ?

- რა თქმა უნდა. მხატვრის განწყობა ერთი ხაზიდანაც კი ჩანს. ხატვა შეიძლება ისწავლო, მაგრამ შინაგანი ცეცხლი თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა. 

- ფრესკის დახატვა ხომ არ გიცდიათ?

- ხატი დამიწერია. ტრიპტიხი მაქვს გაკეთებული და ერთ-ერთ ოჯახში, კერძო კოლექციაში ინახება.

- თქვენი ყველაზე საყვარელი ნახატი...

- ჩემთვის უსაყვარლესი ნამუშევარია რელიგიურ თემაზე შექმნილი ნახატი „ამაღლება“, რომელსაც 7 წელი მოვანდომე. ეს არის წერტილებით, პუანტელისტურ სტილში შექმნილი ნამუშევარი, რომელიც შვილს ვაჩუქე. ეს არის ნახატი, რომელიც მნახველს ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობაზე აფიქრებს.

- რის დახატვაზე ოცნებობთ?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ თოჯინების თეატრის მოხატვის შემდეგ, თბილისის ყველა თეატრის მოხატვაზე ვოცნებობ. თეატრი ჩემს შინაგან სამყაროსთან ძალიან ახლოსაა. ჩემი დიდი ბებია მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა და თეატრი პატარაობიდან შემაყვარა. ასე რომ, ჩემი ოცნება თეატრს და მხატვრობას უკავშირდება. ამჟამად „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე ვმუშაობ. მასაც პუანტელისტურ სტილში ვაკეთებ და ვფიქრობ, სამ წელში დავასრულებ. მინდა ავსახო პირადად მე როგორ აღვიქვამ დიდებული შოთას უკვდავ ნაწარმოებს. 

- საუბრის ბოლოს  მხატვრებს და ზოგადად, ხელოვან ადამიანებს რას უსურვებდით?

- ხელოვან ადამიანებს ვუსურვებდი, რომ სრულფასოვანი ცხოვრების და მუშაობის საშუალება ჰქონდეთ და შემოქმედებითი წარმატებებით ხარობდნენ. მინდა თოჯინების თეატრსაც წინსვლა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა