თეგებით ძიება

ბავშვისთვის ოჯახში დედას არ სცალია და სკოლაში დამრიგებელს და გვიკვირს აგრესიულები რატომ არიან - ზურაბ ვახანია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ერთ მოზარდს რამდენიმე თანატოლი, საზოგადოების განხილვის თემად იქცა. განსაკუთრებით თვალშისაცემი მოძალადეების სისასტიკე აღმოჩნდა, რომელიც ბოდიშებმა და ხვეწნა-მუდარამაც ვერ მოალბო. რა იწვევს მოზარდებში აგრესიის ზრდას და როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა, ამაზე TIA.GE-ს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ფსიქოლოგიის დოქტორი ზურაბ ვახანია ესაუბრა:

- როცა მოზარდებში აგრესიის ზრდაზე ვსაუბრობთ, ის კი არ მიკვირს, რომ აგრესიამ მოიმატა, მიკვირს, რომ ამ ვითარებაში, ასე ცოტაა მომატებული, რაც ალბათ ადამიანის კეთილი საწყისის დამსახურებაა. მოსალოდნელია კიდევ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიმატოს, მაგრამ ჩვენთან რამდენიმე მიზეზის გამო, უფრო მეტად...

- რა ვითარებას და რომელ მიზეზებს გულისხმობთ?

- დავიწყოთ იმით, რომ გარკვეული პრობლემები სკოლაში შეყვანამდე იწყება. ესაა ფსიქოლოგიური სიძნელეები, გონებრივი ჩამორჩენა, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში 10-ჯერ მოიმატა აუტიზმის შემთხვევებმა და ა.შ. ეს კატასტროფაა, რომელზეც არავინ ლაპარაკობს, თუმცა შედეგები სახეზეა.

მიზეზები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, მაგრამ პირველი ისაა, რომ ბავშვს დედასთან ან დედობილთან სიახლოვე აკლია. ადამიანები კი არა, მაიმუნებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ დედის სიახლოვის და მოფერების გარეშე მაიმუნი აგრესიული და სხვადასხვა გადახრებით იზრდება და წარმოიდგინეთ, ადამიანზე როგორ მოქმედებს. მეორე მიზეზი ეკრანზე მიჯაჭვულობაა. დედას მოწყვეტილი ბავშვი მთლიანად ეკრანს ეჯაჭვება. 

- სადაც ძალადობას და გარყვნილებას ხედავს...

- დიახ და პირდაპირ ბაძავს, მაგრამ ეს მთავარი უბედურება არაა. მარტო უწყინარ მულტფილმებსაც რომ უყუროს, ისიც მავნებელია. თემაზე - რა ფსიქოლოგიურ შედეგებს იწვევს ეკრანზე მიჯაჭვულობა პირველი სტატია 25 წლის წინ, როდესაც გამალებული კომპიუტერიზაცია მიმდინარეობდა, საერთაშორისო ჟურნალში გამოვაქვეყნე. დღეს უკვე ჯანმო აღიარებს, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვის ეკრანთან ყოფნა ერთ საათზე მეტი არ შეიძლება. ეკრანომანიას უკვე ბევრ სახელმწიფოში ებრძვიან და ზოგან წარმატებითაც. ჩემი ნაცნობი 5 წლის წინ, გერმანიაში შვილთან ერთად ჩავიდა. მისმა შვილმა იმის ნაცვლად, რომ გარეთ გასულიყო, და რამე დაეთვალიერებინა, ჩასვლისთანავე პლანშეტი ამოიღო. მასპინძელი ოჯახის დიასახლისმა დედამისს თხოვა, ჩვენი შვილების თანდასწრებით პლანშეტს ნუ გამოიყენებთ, ჯერ ძალიან პატარაა და არ გვინდა, ცუდ მაგალითს ხედავდესო.

- გამოდის, რომ ბავშვის პირველივე კლასში, კომპიუტერთან დასმა შეცდომაა?

- რა თქმა უნდა. სკოლაში კომპიუტერის საჭიროება მე-5, მე-6 კლასებში ჩნდება, როდესაც მართლა შეიძლება კომპიუტერი საჭიროებისთვის გამოიყენო, მაგრამ ეს უხარისხო  ლეპტოპები ხუთ წელიწადს ვერ ძლებს. ამ მხრივაც სრული აბსურდია - როდესაც მართლა საჭიროა, მაშინ აღარ აქვთ. ყველაფერი უკუღმა კეთდება და შედეგებიც შესაბამისია. თუმცა, სკოლაში მთავარი უბედურება კომპიუტერი კი არა, ისაა, რომ ბავშვს სკოლა შევაძულეთ და გაკვეთილებზე სიარული არ უნდა.  

- ბევრი შეგეკამათებათ და გეტყვით, რომ ბავშვს სკოლა ყოველთვის სძულდა და გაკვეთილებზე ჯდომა არასოდეს ეხალისებოდა.

- არავითარ შემთხვევაში! ბავშვს სკოლაში სიარულის, სწავლისა და განვითარების მოთხოვნილება ბუნებრივად აქვს, მაგრამ როცა სკოლა უვარგისია, ეს ბუნებრივი მოთხოვნილება ქრება. დამრიგებლები სკოლაში ფორმალურად არიან იმიტომ, რომ მთელი დღე „გადარბენაზე არიან“. რაღაც სადისტური  ბიუროკრატიის გამო, ბავშვებს საკონტროლო რომ შეუფასონ და შეცდომები გაუსწორონ, იმის დრო აღარ აქვთ. მოსწავლეებს კი არა, მასწავლებლებს შეაძულეს სკოლა და სკოლისკენ გახედვა არ უნდათ. გაუთავებელი მატრიცები, კურიკულუმები, სასწავლო გეგმები, ანგარიშები... მთელ დღეს კომპიუტერთან სხედან და უაზრო ცხრილებს ავსებენ, რომლებიც არავის სჭირდება. ასეთი გაღიზიანებული მასწავლებელი კლასში რომ შევა, იქ ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემო იქნება? მოკლედ, ბავშვისთვის ოჯახში დედას არ სცალია და სკოლაში დამრიგებელს და გვიკვირს აგრესია რატომ აქვთ. გარდა ამისა, აუცილებელია კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, რადგან რაც უფრო პატარაა თავისუფალი სივრცე, მით უფრო იმატებს აგრესიულობა. დღეს კლასში 30 ბავშვიც კი აუტანელია, ამიტომ კლასების გაყოფა აუცილებელია. რა თქმა უნდა ამას ფინანსები სჭირდება, მაგრამ უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება და რაც მთავარია, სწავლის ხარისხზე და მოსწავლეების განწყობაზე დადებითად აისახება. და რაც მთავარია, ჩვენი სასწავლო პროგრამები ბავშვს სრულიად არ ითვალისწინებენ. ეს არის გართულებული, გადატვირთული პროგრამები, რომლებსაც ბავშვი ვერ იგებს, ვერ სწავლობს და მალევე სძულდება. გამოდის, რომ ბავშვს პატარაობიდან ვუნერგავთ, რომ უვიცი, უნიჭო და უვარგისია. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვი  აგრესიული გახდება და ქუჩის გარდა, საშველს ვერსად ნახავს. აიღეთ 8-9 კლასის ისტორიის, ფიზიკის ან ბიოლოგიის სახელმძღვანელო და უბრალოდ წაიკითხეთ. ამის წაკითხვა ზრდასრულისთვისაც შეუძლებელია და გგონიათ, ბავშვი წაიკითხავს?  ეს ამ პროგრამების დამსახურებაა, რომ ბავშვი უცოდინარი ამთავრებს გადატვირთული პროგრამები კი არა, ელემენტალური მაინც ასწავლონ, რაც ცხოვრებაში გამოადგება. 

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- მოსწავლეთა აგრესიულობასთან დაკავშირებით საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებამ განათლების  მინისტრს ჯერ კიდევ 90-იან წლებში მივმართეთ, როდესაც  მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე იყო. იმის მერე რვა მინისტრთან გვაქვს გაგზავნილი ერთი და იგივე ტექსტი, სადაც საუბარია ერთადერთ საკითხზე, რომელსაც ფინანსებიც არ სჭირდება და ესაა სასწავლო პროგრამების შემცირება და მოსწავლეზე მორგება. ვითხოვდით, რომ ეს ერთი საკითხი მაინც გადაჭრილიყო, მაგრამ არც ერთმა მინისტრმა ყური არ შეიბერტყა. გამოსავალი ისაა, რომ სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული გახდეს, ბავშვის მოთხოვნილებები ოჯახშიც და სკოლაშიც მთავარი იყოს და ყველაფერი ამას მოერგოს და არა  პირიქით. ბავშვს უნდა დავანახოთ, რომ სწავლა შეძლებია და სანამ ოჯახიც, სკოლაც და საზოგადოებაც ამას არ გავიგებთ, ასეთ კატასტროფულ ვითარებაში ვიქნებით და უარესი და უარესი მოხდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა