თეგებით ძიება
07. 10. 2023 პერსონა

„სკოლის გზას რომ დავადგები, ყველა დარდი მავიწყდება“ - 82 წლის მაწავლებელი, რომელიც სკოლაში მისასვლელად ყოველდღე 15 კილომეტრს გადის

ჩვენი რესპონდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი, 82 წლის ციური ბაბილოძეა, რომელმაც სკოლაში მუშაობა 22 წლის ასაკში დაიწყო და 60 წელია, საყვარელ საქმეს ემსახურება. როგორ ახერხებს ყოველდღიურად 30 კილომეტრის გავლას და რაში მდგომარეობს გურული მოსწავლეების წარმატების საიდუმლო? - ამ და სხვა საკითხებზე TIA.GE-ს საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ციური ბაბილოძე ესაუბრა.

- სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, 22 წლის ვიყავი და იმის მერე 60 წელია, სკოლაში ვარ. დარსა თუ ავდარში სოფელ ჭანიეთიდან მერიის სკოლამდე 15 კილომეტრს და უკან გზაზეც ერთი ამდენს გავდივარ. უშუქობის პერიოდიც იყო, უტრანსპორტობაც, მიზერული ხელფასი და გაჭირვებაც, მაგრამ სკოლა არ მიმიტოვებია. ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ბოლომდე ვიხარჯები.

- რომელ საგანს ასწავლით?

- დირექტორის მოადგილედ ვმუშაობ აღზრდელობით დარგში. ჩემი საქმეა ღონისძიებები, კლასის ხელმძღვანელების მუშაობა, ექსკურსიები და ა.შ. სკოლაში ტაშფანდურა მასწავლებელს მეძახიან. ათასი პრობლემის მიუხედავად, მუშაობას მაინც ვაგრძელებ იმიტომ, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია. ბავშვებთან ურთიერთობა ისეთ ძალას მმატებს, რომ სკოლისკენ მიმავალ გზაზე ვერც დაღლას ვგრძნობ და ვერც დარდს, ისე მიმიხარია. 

- 2021 წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მოგანიჭეს. ოჯახის წევრები ხომ არ გეუბნებიან, რომ დასვენების დროა?

- ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა. ბრწყინვალე დედამთილ-მამამთილი მყავდა და შეხმატკბილებული ოჯახი გვქონდა. ახალი გათხოვილი ვიყავი, რომ ერთ დილას მესმის, ჩემი მამამთილი დედამთილს აღვიძებს - ადექი, რძალს საუზმე გაუმზადე, პასუხსაგებ საქმეზე მიდისო. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. მყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები და მათგანაც ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობ. ორი დღის წინ, მასწავლებლის დღეს ქალაქის მერმა რამდენიმე მასწავლებელი დაგვიბარა. რაიონიდან ხუთი მასწავლებელი იყო, ამათგან ორი ვიყავით მოქმედი, დანარჩენები პენსიონერები. ძალიან გულთბილი შეხვედრა იყო. ფულადი ჯილდოც გადმოგვცეს, მაგრამ ყველაზე მეტად  დაფასება გამიხარდა.

- ეროვნულ გამოცდებზე ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს რეგიონებიდან საუკეთესოდ მომზადებული აბიტურიენტები ჩამოდიან. იქნებ გაგვიმხილოთ, ასეთი შედეგის მიღწევას როგორ ახერხებთ?

- პირველ რიგში, ამას ჩვენი მოსწავლეების ნიჭის და შრომისმოყვარეობის წყალობით ვაღწევთ, თუმცა მეორე მიზეზიცაა. თქვენი სატელეფონო ზარის დროს, 96 წლის მასწავლებელთან, სახლში ვიმყოფები. იცით როგორი მასწავლებელია? ხვალ რომ სკოლაში შეუშვათ, ეს 96 წლის ქალი მათემატიკის საუკეთესო გაკვეთილს ჩაატარებს. ასეთი პედაგოგები გვყავს და რა თქმა უნდა, საუკეთესო მოსწავლეები იზრდებიან. 

- „ვეფხისტყაოსნის“ კალიგრაფიულად გადაწერა თქვენი საყვარელი საქმიანობაა. რამდენჯერ გადაწრეთ და კიდევ აპირებთ თუ არა? 

- „ვეფხისტყაოსანი“ ორჯერ გადავწერე. პირველი ჩემი შვილიშვილების სკოლას გადავეცი გახსნის დღეს, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. მეორე მერიის საჯარო სკოლისთვის გადავწერე. მესამეს წერა ჩემი შვილიშვილისთვის დავიწყე... ძველად ქალიშვილებს „ვეფხისტყაოსანს“ მზითვად ატანდნენ და მეც ასე მინდოდა, მაგრამ უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს - ჩემი შვილიშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა. დაუსრულებელი „ვეფხისტყაოსანი“ შეწყვეტილი სიმღერასავით გავატანე იმქვეყნად... იმ ტკივილს ვატარებ, მაგრამ მაინც ცხოვრებას ვებრძვი და მუშაობას ვაგრძელებ. როგორ ცუდადადაც არ უნდა ვიყო, სკოლისკენ მიმავალ გზას რომ დავადგები, კარგად ვხდები და ეს ჩემი ცხოვრებაა... 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა