ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა, მეგონა ჭრილობას მივაყენებდი - 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ალიმ ასლანოვი აცხადებს, რომ მას გოგო განზრახ არ მოუკლავს.
ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და აითაჯის შეშინება უნდოდა.
"განზრახ მკვლელობას არ ვაღიარებ. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა. იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი.
იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის. ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან, რომ მოვკალი.
მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო“, - განაცხადა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ „თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.