თეგებით ძიება

“დღეს გარდაიცვალა, წავიდა ჩუმად. არც უტირია, არც ხმა გაგვიგია მისი…” – რას წერს გიორგი კეკელიძე?

 ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, და წერს, რომ მისი მეზობლის ძაღლი სახელად „მიკი“ მოკვდა.

“დღეს, ნაშუადღევს, მიკი გარდაიცვალა. ჩემი მეზობლის ძაღლი. მიკიზე არავინ დაწერს ან ვინ უნდა დაწეროს – რა დროს მიკია?

მაგრამ მე ვწერ. მე ვეღარავინ მიწყვეტს, რა დროს რა უნდა ვიდარდო, რა დროს და როგორ. ამიტომაც არ დავურთავ ამ წერილს სავალდებულო და თითქოს ბოდიშისმაგვარ წინადადებას, ამგვარი დასაწყისით: ,,მაშინ, როცა..”

ხოლო მიკი წავიდა ჩუმად. არც უტირია, არც ხმა გაგვიგია მისი. უბრალოდ იწვა და იყურებოდა. ცოტა გაკვირვებული. ალბათ სიცოცხლეს უყურებდა, როგორც უცნაურ გაუგებრობას, ისე უცებ რომ ჩაირბინა, როგორც გამცილებელი ნათესავის ბავშვი ჩაირბენს ხოლმე სადგურზე ვაგონის ფანჯარასთან, როცა მატარებელი დაიძვრება.

მიკი იყო პატარა ძაღლი, სწრაფი, არა – უსწრაფესი, წარმოუდგენლად მოუსვენარი. თან მშიშარა და თან მოსიყვარულე. ცახცახით წვებოდა და ასე ითხოვდა მოფერებას. მიკი ერთი წლისაც არ იყო და მიკი ხშირად დადიოდა ჩვენთან სტუმრად. ცუგი, კუსა და მიკი თამაშობდნენ. ესენი დიდები ტანად – ის ძალიან პატარა. გუშინ მიკი ცუდად გახდა, დილიდან არც ჭამა და არც წყალი დალია. ბანცალით მოვიდა და იქ დაწვა, სადაც თამაშისას წვებოდა ხოლმე და აღარ ინძრეოდა. ცუგი და კუსა გაკვირვებული უყურებდნენ მიკის და მერე მიკი წავიყვანეთ ექიმთან და იქ თითქოს უკეთ გახდა შუაღამისას და მერე ექიმმა თქვა, რომ ახლა წაიყვანეთ სახლში და ხვალ შევხედოთ. რადგან ექიმებმა ხშირად არ იციან, რა არის სიცოცხლე, რომ სიცოცხლეს ჭირდება დღეს შეხედვა – ბოლომდე, თუ დღეს არ შევხედეთ – ხვალ ვეღარ შევხედავთ. მაგრამ ექიმმა რაც თქვა, ეგ თქვა. ექიმმა გადასხმა სხვა ძაღლს დაუდგა და ჩვენ მიკი წამოვიყვანეთ.

დღეს, ერთ სკოლაში ბავშვებს ვხვდებოდი, როცა მეზობელმა გოგომ მომწერა: ,,გიორგი, მიკი მოკვდა!” და მე მომინდა, რომ მეტირა, მაგრამ გამახსენდა, რომ ძაღლის გამო ტირილი, მით უფრო ხალხში, ალბათ სირცხვილია – ,,მაშინ, როცა…”

და არ ვიტირე. მერე მანქანაში, ყველა ვიდეო წავშალე, სადაც მიკი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ვერ იქნებოდა იოლი საქმე მათი ცქერა. ადამიანმა კიდევ სიცოცხლის გასაძლებად დავიწყება გამოიგონა. ყველა წავშალე ან შეიძლება დამრჩა რომელიმე, უფრო ძველი. მერე წავშლი.

ახლა ვტირი და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანმა უნდა იტიროს ძაღლი. მათ შორის ,,მაშინ, როცა ერთმანეთს ხოცავენ”, რადგან ვინც ხოცავს, იმიტომ ხოცავს, რომ მას არ ასწავლეს რა არის სიცოცხლე. ან არ ისწავლა. და ტირილი არ შეუძლია.

დღეს მიკი სხვაგან დაიძინებს, მაგრამ ვიცი, რომ შუაღამისას ადგება და ჩვენთან მოვა. ჩემი, კუსას და ცუგის სიზმარში. და ეს სიზმარი იქნება ერთიანი. და მზიანი. და თბილი.” – წერს კეკელიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა