ბელარუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური ჰგონია და არც მორალურად გამართული.
ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს ბელარუსიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო ჯერ ბელარუსი ნამდვილად არ არის.
"ზელენსკის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე მეც ვიტყვი, იმ დათქმით, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური მგონია და არც მორალურად გამართული.
1. საქართველოს ბელორუსიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო ჯერ ბელორუსი ნამდვილად არ არის (ჯერ)
2. ბელორუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ამას ბელორუსი ხალხი ცალსახად იმსახურებს, და ბელორუსი ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესში არანაკლებაა, ვიდრე ბელორუსის პოტენციურ ინტერესში ევროკავშირის წევრობა . მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა (იმედია), ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა
3. იდეალური იქნება, თუ გაფართოების ბოლო ტალღა მოიცავს ბელორუსს და სომხეთს. საქართველოს ახლა მისცემენ სტატუსს თუ არა, ის მაინც უფრო წინ იქნება. მეტიც, მოვლენათა ნორმალური განვითარების პირობებში, ტრიოს ლიდერი გახდება ისევ. დღევანდელ ჩამორჩენას მე არ მივიჩნევ ტრიოდან საბოლოოდ ამოვარდნად და არც კოსოვომდე დაქვეითების პერსპექტივას ვუყურებ რეალისტურად.
4. საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება წელს სტატუსით თუ უამისოდ, მაგრამ ამ ხელისუფლების აუცილებელი შეცვლის და შეუქცევადი და მაღალი ხარისხის დემოკრატიის აშენების შემდეგ. ერთიც და მეორეც სრულიად შესაძლებელია დროის იმაზე მოკლე მონაკვეთში, ვიდრე ახლა შეიძლება გვეჩვენებოდეს", - წერს ნიკა გვარამია.