ონკოლოგიურ პაციენტებს სახელმწიფო გეგმიურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს სრულად დაუფინანსებს
ონკოლოგიური ქირურგია ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებს და იმ პაციენტებსაც, ვისი წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია. პრემიერ-მინისტრის, ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ამ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს. ონკოქირურგები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ პაციენტებთან, მთავრობის ინიციატივის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალი ინიციატივის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
2023 წლის აგვისტოდან სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქიმიო, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოპაციენტს უკვე უფინანსდება. მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილებით კი, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ჰორმონო, სხივური თერაპიები, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსებაც.
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კომენტარი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებაც გააკეთა. აზარაშვილმა დეზინფორმაციად შეაფასა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამ დაავადების ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ. მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ ყველა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
მთავრობის ინიციატივა პროექტის სახით განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში გაიგზავნება. დამტკიცების შემდეგ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება.