თეგებით ძიება
02. 11. 2023 მსოფლიო

მსოფლიოს ქვეყნების 50%-ში დემოკრატიის დონის შემცირება შეინიშნება - კვლევა

ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნების 50%-ში დემოკრატიის დონის შემცირება შეინიშნება. ამის შესახებ წერია კვლევაში „დემოკრატიის გლობალური მდგომარეობა“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კვლევა დემოკრატიის და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IDEA) ჩაატარა, რომელიც სტოკჰოლმში იყო წარმოდგენილი.

კვლევა 173 ქვეყანაში ჩატარდა. ნეგატიური ტენდენცია ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში შეინიშნება, მათ შორის ძველი, მყარი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში.

„დემოკრატიის დონის კლება ბევრ ცნობილ დემოკრატიულ ქვეყანაში შეინიშნება. ეს არის აშშ-ში სოციალური ჯგუფების თანაბარუფლებიანობის შემცირება, ავსტრიაში პრესის თავისუფლების პრობლემა და დიდ ბრიტანეთში სასამართლოს სისტემისადმი წვდომის პრობლემა“, - წერია დოკუმენტში

ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი, ავსტრია და პერუ, სასამართლო სისტემაზე ზეწოლა შეინიშნება, რაც კანონის უზენაესობას აკნინებს. რაც შეეხება რუსეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, ეს ქვეყნები ევროპის ძირითად ნაწილს მოწყდნენ და იქ დემოკრატიის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალოდ ევროპაში.

2023 წელს ექსპერტებმა უკვე მეექვსედ დააფიქსირეს, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უარესდება, მეტია, ვიდრე იმ ქვეყნების, სადაც ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება. ეს დემოკრატიის საერთო დონის ყველაზე ხანგრძლივი რეცესიაა 1975 წლიდან, როდესაც ამ მიმართულებით კვლევები დაიწყო.

IDEA-ის შეფასებით, დემოკრატიის დონის კლება სხვა ფაქტორებთან ერთად ფასების ზრდას, კლიმატის ცვლილებას, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება.

ამასთანავე, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში კორუფციის დონე შემცირდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების მონაწილეობა უფრო აქტიური გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა